ფეხბურთი

1:15 | 18.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ვამაყობ, რომ ასეთი დიდი გუნდის წევრი გავხდი"

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც 23 წლის ქართველმა თქვა, ამაყია, რომ ასეთი დიდი გუნდის წევრი გახდა:

„აქ ყოფნა ოცნებაა. პსჟ-ს შესახებ ბევრი დადებითი რამ მსმენია. უზომოდ ამაყი ვარ, რომ ამ დიდი კლუბის ნაწილი გავხდი და მოუთმენლად ველოდები ამ მაისურით თამაშს“, - თქვა კვარამ.

კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 70 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები შეადგინა.

ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში ახალი თავი იწყება, უკვე ფრანგული, "პარი სენ-ჟერმენის" 7-ნომრიანი მაისურით. კვარა პსჟ-ს ისტორიაში პირველი ქართველია, ხოლო საქართველო 50-ე ქვეყანა, რომლის წარმომადგენელი ამ გუნდში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.

კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ბოლო მატჩი 29 დეკემბერს, „ვენეციასთან“ ჩაატარა, ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა.

ასე რომ, საფრანგეთის ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში სამი ქართველი ითამაშებს - ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი) და გიორგი მიქაუტაძე (ლიონი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151695