ხვიჩა კვარაცხელია პარიზში დღეს საღამოს ჩავა. როგორც RMC Sport-ი იტყობინება, ფრენა ნეაპოლიდან პარიზში საღამოსაა დაგეგმილი.
ხვალ (17 იანვარს) დილით ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი, უკვე კონტრაქტის გაფორმების და ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურების ჯერი დადგება.
კვარა პსჟ-სთან კონტრაქტს 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს და სეზონში 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, პლუს 2 მილიონის ბონუსს. ქართველი უახლოეს ტურში ვერ ითამაშებს, რაც ბუნებრივია, შუა კვირაში ვერც „მანჩესტერ სიტისთან“, რადგან ჩემპიონთა ლიგის განაცხადში პსჟ-ს მისი დამატება მხოლოდ პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში შეეძლება, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ პარიზულ კლუბში პირველად 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.