ფეხბურთი

0:38 | 18.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ფეხბურთელია
პარიზელებთან ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი მოაწერა

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი: "პარი სენ-ჟერმენში" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პსჟ-სთან კონტრაქტს ხელი მოაწერა. ხვიჩას სანაცვლოდ პსჟ-მ "ნაპოლის" 70 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსებიც დაემატება. "ნაპოლის" ისტორიაში ამაზე ძვირად მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰყავს გასხვისებული - გონსალო იგუაინი, რომელიც 2016 წელს "იუვენტუსში" 90 მილიონ ევროდ გაუშვა.

კვარაცხელიამ "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. ხვიჩას ხელფასი პსჟ-ში 9 მილიონი ევრო, პლუს ბონუსად 2 მილიონი იქნება, შესაბამისად, ჯამში 11 მილიონი, მაშინ, როცა "ნაპოლიში" 1.5 მილიონს გამოიმუშავებდა, ხოლო კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ ნეაპოლელები 6 მილიონს სთავაზობდნენ.

ამრიგად, დღეიდან ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში ახალი თავი იწყება, უკვე ფრანგული, "პარი სენ-ჟერმენის" 7-ნომრიანი მაისურით. კვარა პსჟ-ს ისტორიაში პირველი ქართველია, ხოლო საქართველო 50-ე ქვეყანა, რომლის წარმომადგენელი ამ გუნდში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.

კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ბოლო მატჩი 29 დეკემბერს, „ვენეციასთან“ ჩაატარა, ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა.

ასე რომ, საფრანგეთის ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში სამი ქართველი ითამაშებს - ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი) და გიორგი მიქაუტაძე (ლიონი).

0.110825