იტალიის სერია A-ში მე-19 ტურის გამოტოვებული მატჩში ბერგამოს „ატალანტა“ და ტურინის „იუვენტუსი“ დაზავდნენ.
„ატალანტა“ ჩემპიონობისთვის იბრძვის და ეს იყო ზედიზედ მესამე ფრე, ხოლო „იუვენტუსს“ ოთხეულში მოხვედრაზე უწევს ზრუნვა და ბოლო რვა ტურში მეშვიდედ დაზავდა!
მატჩი კარგი სანახავი გამოდგა, ორივე გუნდს შეეძლო მოგება, რადგან არაერთი მომენტი შექმნეს, თუმცა, ტურინელები უფრო მეტად მწვავედ უტევდნენ. საბოლოოდ, გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს. „იუვე“ 54-ე წუთზე პიერ კალულუმ დააწინაურა, რასაც მასპინძლებმა მატეო რეტეგის გოლით 78-ე წუთზე უპასუხეს - 1:1.
„იუვენტუსი“ სერია A-ში 20 ტურის შემდეგ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, მაგრამ 20-დან მხოლოდ 7 მატჩი მოიგო, 13-ჯერ(!) ფრე ითამაშა და 34 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „ატალანტა“ 43 ქულით მესამე საფეხურზეა. მომდევნო ტურში ორივე უშუალო კონკურენტს უმასპინძლებს: „იუვე“ „მილანს“ და „ატალანტა“ – „ნაპოლის“.