„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ბრემენის „ვერდერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბუდუ ზივზივაძეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
გერმანელი სპეციალისტი ძალიან კმაყოფილია ქართველი ფორვარდით, მაგრამ სჯერა, რომ მას მეტიც შეუძლია. შმიდტმა ახალწვეულების, ბუდუ ზივზივაძის და ფრანს კარტციგის შესახებ გააკეთა კომენტარი:
„ორივემ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. გარდა იმისა, რომ სპორტული კუთხით გვეხმარებიან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ორმა ახალმა მოთამაშემ ეგრევე მოახერხა თამაში. ორივემ თავიანთ პოზიციებზე კარგად ითამაშა. ფრანსმა მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, შესამჩნევი იყო, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო, მაგრამ კარგად ითამაშა, სანამ შევცვლიდი. ბუდუს თუ კარგად დააკვირდებოდით, დაინახავდით, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ცენტრალურ მცველებს აკავებდა. მას ყველა ორთაბრძოლა არ მოუგია და გოლი არ გაუტანია, ეს ყველამ ვიცით, თუმცა გოლში დიდი წვლილი შეიტანა და მეტოქის გაძევებაც მისი დამსახურებაა, ასევე ჰქონდა 2-3 საგოლე მომენტი. ამიტომ, ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ორივემ ასე უნდა გააგრძელოს, განვითარება განაგრძონ, რადგან მჯერა, რომ ორივეს შეუძლია ბევრად უკეთესი გახდეს.
რამდენი თავდამსხმელით ვითამაშებთ? ყოველთვის დამოკიდებულია ჩვენს მიდგომაზე, ერთი, ორი ან თუნდაც სამი თავდამსხმელით ვითამაშებთ თუ არა. ბუდუს სახით გვყავს ფეხბურთელი, რომლის გვერდით თამაში თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია. გამორიცხული არაა ჩვენმა თავდამსხმელებმა ერთად ითამაშონ, ყველა განსხვავებული ტიპის ფორვარდები არიან, ამიტომ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვარიაცია გამოვიყენოთ“, - თქვა შმიდტმა.
შეგახსენებთ, რომ „ვერდერისა“ და „ჰაიდენჰაიმის“ მატჩი 15 იანვარს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.