Le Parisien-ის ჟურნალისტმა დომინიკ სევერაჩმა „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას მოსალოდნელ ტრანსფერზე ნეაპოლურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ლუის ენრიკეს ჰკითხავენ, რატომ უნდა პსჟ-ს ქართველი ფეხბურთელის ყიდვა.
„ლუის ენრიკეს პრესკონფერენციაზე ვკითხავთ, რატომ უნდა პსჟ-ს კვარაცხელია. ქართველი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ გვინდა გავიგოთ ამ არჩევანის მოტივი, რადგან ლუის ენრიკე ისედაც ბევრ ძლიერ ფეხბურთელს შემადგენლობის მიღმა ტოვებს. შეთანხმება მიღწეულია 70 მილიონსა და 10-მილიონიან ბონუსზე. როგორც ვიცით, კვარაცხელია ამ კვირაში უკვე პარიზში იქნება“, - თქვა სევერაჩმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.