ფეხბურთი

1:00 | 14.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო: კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

იტალიელი განსაკუთრებით გამოირჩევა სანდო ინფორმაციებით და შეიძლება ითქვას, რომ სულ მალე ქართველი პარიზული გუნდის ფეხბურთელი გახდება.

პსჟ-სა და „ნაპოლის“ შორის შეხვედრა შედგა, სადაც მათ შეთანხმებას მიაღწიეს. კვარა პარიზელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო ტრანსფერის ფასი 70 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები იქნება. სავარაუდოდ, კვარას ხელფასი წელიწადში 9 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსად 2 მილიონიც დაემატება. ცხადია, კვარას ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება.

კვარა გახდება "ნაპოლის" ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი. უფრო ძვირად "ნაპოლის" აქამდე მხოლოდ გონსალო იგუაინი ჰყავს გასხვისებული, რომელიც 2016 წელს "იუვენტუსს" 90 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.113488