ბუდუ ზივზივაძეს „ჰაიდენჰაიმში“, ბუნდესლიგასა და ზოგადად, ტოპლიგაში დებიუტი ჰქონდა.
ქართველმა ფორვარდმა გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში „უნიონ ბერლინთან“ 90 წუთი, შეუცვლელად ითამაშა. მთავარი მწვრთნელი მას თავიდანვე ენდო, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ერთი კვირის წინ შეუერთდა.
„ჰაიდენჰაიმმა“ მეტოქე 2:0 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ანგარიში მე-17 წუთზე კიდევ ერთმა დებიუტანტმა ფრანს კრატციგმა გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს ბერლინელები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. 83-ე წუთზე ადრიან ბეკმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მეორე გოლში ზივზივაძის დიდი წვლილია: სწორედ ქართველმა წამოიწყო შეტევა, რომელსაც თვითონვე ასრულებდა, მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ბეკმა გაიტანა.
ბუდუმ სულ სამჯერ დაარტყა კარში. პირველ ტაიმში მეკარემ აჯობა, ხოლო მეორე ნახევარში ჯერ მცველმა გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან, მესამე დარტყმა კი, კვლავ მეკარემ უკუაგდო, თუმცა, როგორც ვთქვით, მასპინძლებმა გოლი მაინც გაიტანეს. მოკლედ, ბუდუს მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა.
„ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგაში 28 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო და 10-მატჩიანი საშინელი სერია (1 ფრე, 9 წაგება) შეწყვიტა. ფრანკ შმიდტის გუნდი 16 ტურის შემდეგ 13 ქულით ისევ მე-16 ადგილზეა, მაგრამ სამშვიდობო ზონას უკვე ერთ ქულაში მიუახლოვდა, მომდევნო ტურში კი, 15 იანვარს, ბრემენში, „ვერდერს“ ესტუმრება.