„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სულ მალე იტალიურ კლუბს დატოვებს.
„ვერონასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კონტემ თქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან 6 თვის განმავლობაში ცდილობდა კვარაცხელია დარჩენაში დაერწმუნებინა, მაგრამ ჯაჭვებით ვერ დააბამს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც წასვლა სურთ.
„უსიამოვნო შეკითხვებს თავს არასდროს ვარიდებ, თუ ვლაპარაკობ, სიმართლეს ვამბობ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩუმად ყოფნა მირჩევნია, რადგან ტყუილს არ ვამბობ. ვსაუბრობთ მნიშვნელოვან ფეხბურთელზე, რომელსაც გასულ ზაფხულს სურდა წასვლა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჟიელინსკი და ოსიმენი უნდა წასულიყვნენ, პრეზიდენტს ვესაუბრე და გარკვეული ფეხბურთელების შენარჩუნება მოვთხოვე, მათ შორის, კვარაც იყო, რომელმაც ჯერ კიდევ ზაფხულში მოითხოვა გაყიდვა და ერთადერთი არ იყო, ვისაც გუნდის დატოვება სურდა. ადვილია დაივიწყო ის შრომა, რომელიც მაშინ ფეხბურთელების დარწმუნებაში გავწიე, რათა ისინი დარჩენილიყვნენ. მიხარია, რომ რამდენიმე მათგანი დავიყოლიე და ისინი კმაყოფილი არიან, რომ დღეს ჩვენთან მუშაობენ.
რაც შეეხება კვარას - მან კლუბს გაყიდვა სთხოვა, უსიტყვოდ. თავიდან სხვისგან გავიგე, შემდეგ ფეხბურთელმა მეც დამიდასტურა თავისი გადაწყვეტილება. პირადად მე, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან 6 თვე ვცდილობდი, კვარას პროექტის ცენტრში ეგრძნო თავი, ვმუშაობდი მასთან, დავუმტკიცე, რომ რაღაც კარგის გაკეთება აქ შეიძლებოდა და ასევე ვიმუშავე კლუბთან კონტრაქტის განახლების საკითხზე, მაგრამ დღეს, ისევ 6 თვით უკან ვბრუნდებით. ჩემი მხრიდან დიდი იმედგაცრუებაა, ალბათ, მე ვერ ვიყავი საკმარისად კარგი, რომ მხარეები დამერწმუნებინა, თანამაშრომლობა გაეგრძელებინათ. დღეს, ნაბიჯი უკან უნდა გადავდგა, არ შემიძლია ჯაჭვებით დავაბა ის, ვისაც დარჩენა არ უნდა. ეს გავაკეთე ზაფხულში, 6 თვე მქონდა მხარეების დასარწმუნებლად, რომ გამოსავალი ეპოვათ, მაგრამ ეს ვერ შევძელი, ახლა ნაბიჯს უკან ვდგამ, სიტუაცია კლუბის და ფეხბურთელის გარემოცვის მოსაგვარებელია, მე აღარაფერ შუაში აღარ ვარ. თუ ის გუნდში დარჩება, არ მინდა იფიქროს, რომ ჯაჭვებით მსურდა მისი დაბმა, ეს გავაკეთე ზაფხულში, ვფიქრობდი, რომ პროექტს მისი დარწმუნება სიკეთეს მოუტანდა, მაგრამ ვერ შევძელი. ასე რომ, „ვერონასთან“ ის არ ითამაშებს, ვნახოთ რა მოხდება, თუმცა ცხადია, რომ მნიშვნელოვან ფეხბურთელს ვკარგავთ.
იანვრის თვე მწვრთნელებისთვის საშინელებაა, ბევრი ფეხბურთელი ჩემოდნებით ხელშია, მათი კონცენტრაციის შენარჩუნება ადვილი არასდროსაა. თუმცა, ყურადღების მოდუნების უფლება არაფერს უნდა მივცეთ, მჯერა ამ გუნდის. უკვე წავიდნენ კაპრილე და ფოლორუნშო, რომელთაც მეტი სათამაშო დრო სურდათ და გაშვება ითხოვეს, ვიპოვეთ შემცვლელები. მოუთმენლად ველოდები იანვრის დასრულებას.
კვარას შემცვლელი? ეს ყველაფერი ახლახან მოხდა, ჯერ მხოლოდ „ვერონაზე“ მატჩზე ვფიქრობთ, ტრანსფერი ამ მომენტში მნიშვნელოვანი არ არის, სასწორზე 3 ქულა დევს და ამაზე უნდა ვიფიქროთ. კვარას შემცვლელზე ჯერ არ გვიმსჯელია, რადგან კვარა დღეისთვის „ნაპოლის“ ფეხბურთელია და ვნახოთ 31 იანვარს რა სიტუაცია იქნება. ბურთი ფეხბურთელის გარემოცვის და კლუბის მოედანზეა, მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა, უფრო ზუსტად, ძალიან ბევრი გავაკეთე.
ჩვენ არავის დაბმა არ შეგვიძლია, ეს პროდუქტიული არ იქნება, თუ ის დარჩება, კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს არის სიტუაცია, რომელიც მან, მისმა აგენტმა და კლუბმა ვერ მოაგვარეს, მე ამ საკითხთან საერთო უკვე აღარაფერი მაქვს. თუ კვარა დარჩება და იფიქრებს, რომ მე ვაიძულე დარჩენა, ერთით ნაკლები ფეხბურთელით დავრჩები. ვნახოთ, რა მოხდება, მე ამ საკითხიდან უკვე შეხება არ მაქვს და მან ეს იცის. ამას „ნაპოლის“ სასიკეთოდ ვაკეთებ, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ მე არაფერ შუაში ვარ. თუ ის დარჩება, 100%-ით დახარჯვა მოუწევს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.
ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც პრეზენტაციაზე ვთქვი, იმედი მაქვს, რომ ნაპოლი აღარ იქნება სხვა კლუბში ტრანსფერამდე გარდამავალი კლუბი, ეს არის მთავარი, რის დანერგვასაც კლუბში ყოველდღე ვცდილობ. უნდა ავაშენოთ რაღაც ამბიციური, რომელიც „ნაპოლის“ პრესტიჟს მოუტანს. ჩემი მიზანი არასდროსაა, რომ ჩემი გუნდი აღიქმებოდეს, როგორც გარდამავალი ეტაპი", - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ქართველმა "ნაპოლიში" ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა, ბოლო მატჩი კი, 29 დეკემბერს, „ვენეციას“ წინააღმდეგ ითამაშა.