„ნაპოლი“ მზადაა ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შეელიოს, მაგრამ მხოლოდ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც აურელიო დე ლაურენტისს აქვს.
ჯერჯერობით, პსჟ-ს შეთავაზება „ნაპოლისთვის“ მისაღები არ არის, რადგან იტალიელები მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვენ და რაც მთავარია, გარიგებაში არ სურთ სხვა ფეხბურთელის ჩართვა, რათა ტრანსფერის ფასი შემცირდეს.
ფრანგების პირველი შეთავაზება კი, როგორც ჩანს, მხოლოდ 50 მილიონ ევროს, პლუს, მილან შკრინიარის, მარკო ასენსიოს ან რანდალ კოლო მუანის სატრანსფერო უფლებებს შეადგენდა. „ნაპოლის“ არ სურს რომელიმე ფეხბურთელი, არამედ, უბრალოდ ფულს ითხოვს კვარას სანაცვლოდ.
იმ შემთხვევაში, თუ პსჟ 80 მილიონ ევროს გადაიხდის, დე ლაურენტისი ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.