„ნაპოლი“ მილანის „ინტერის“ ნახევარმცველის, დავიდე ფრატეზის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული.
იტალიური მედიის ცნობით, ფრატეზი უკმაყოფილოა, რომ „ინტერში“ სათამაშო დრო ბევრი არ აქვს და კლუბის შეცვლა სურს, მაგრამ ცნობილია, რომ მილანელები მას 45 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც „ნაპოლისთვის“, თანაც იანვრის სატრანსფერო პერიოდში ძალიან დიდი ფასია.
თუმცა, მოლაპარაკებების გზით მხარეებმა შეიძლება შეთანხმება მოახერხონ. „ნაპოლის“ სურვილია ფეხბურთელის იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით დამატება, ხოლო თანხას ორ ნაწილად გადაიხდის.
ფრატეზი ნეაპოლელთა სიაში ერთადერთი ნახევარმცველი არ არის, საუბარია „ჩელსიდან“ ჩეზარე კაზადეის შეძენაზეც, რომელიც 15 მილიონ ევროდ ფასობს. ანტონიო კონტეს სურს გუნდის ნახევარდაცვის ხაზი გააძლიეროს.
დავიდე ფრატეზი „ინტერმა“ 2023 წელს „სასუოლოდან“ დაიმატა და მას შემდეგ იტალიელმა ნახევარმცველმა 63 მატჩში 11 გოლი გაიტანა, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.