ტურინის „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ მცველს, რონალდ არაუხოს დაიმატებს. გარიგება თითქმის შედგა და 25 წლის ურუგაველი მალე იტალიური გრანდის ფეხბურთელი უნდა გახდეს.
მხარეები ბოლო დეტალებს ათანხმებენ. „იუვენტუსის“ სურვილია არაუხო სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატოს, ხოლო „ბარსელონას“ მეტი გარანტია სურს, იმის გათვალისწინებით, რომ ურუგვაელს ესპანელებთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება. ამიტომაც, „ბარსას“ მიზანი იჯარა და გამოსყიდვის ვალდებულებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, მხარეები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და კონტაქტი ახლაც გრძელდება. "ბარსა" იჯარის პერიოდში გადაიხდის ფეხბურთელის ხელფასის ნახევარსაც (3 მილიონ ევროს).
რონალდ არაუხომ „ბარსელონაში“ 2019 წლიდან დღემდე 151 მატჩში 8 გოლი გაიტანა, თუმცა, მისი მთავარი პრობლემა ტრავმებია, რის გამოც მაგალითად, ბოლო 5 თვეც გაუცდა.
გარდა ამისა, „იუვენტუსი“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ თავდამსხმელის, რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზეც მუშაობს, რომელიც არეკ მილიკის ტრავმის გამო სჭირდებათ. „იუვეს“ პოლონელის ტრავმის გათვალისწინებით, ფორვარდის პოზიციაზე მხოლოდ დუშან ვლაჰოვიჩი ჰყავს და შესაბამისად, მისი ალტერნატივა სჭირდება. ახსენეს ჯოშუა ზირკზე და ნიკლას ფიულკრუგიც, მაგრამ ტურინელთა პირველი არჩევანი კოლო მუანია, რომელსაც ლუის ენრიკესთან კონფლიქტი აქვს. ფრანგმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 453 წუთი ითამაშა, 14 მატჩი (2 ძირითადი შემადგენლობიდან) და 2 გოლი გაიტანა.
აქვე ვთქვათ, რომ „იუვენტუსს“ რონალდ არაუხოს გარდა, კიდევ ერთი მცველის დამატება მოუწევს და ამის შესახებაც მუშაობენ. ტურინელთა მთავარი ფავორიტი დავიდ ჰანჩკოა, რომელთანაც პირად კონტრაქტზე ყველა დეტალი შეთანხმებულია, მაგრამ „ფეიენოორდთან“ მორიგებაა საჭირო, რომელიც თანახმაა სლოვაკი მცველი ზაფხულში გაუშვას „იუვეში“, თუმცა, არა მიმდინარე თვეში, სწორედ ესაა ბოლო დეტალი, რაც ტრანსფერს აბრკოლებს. ჰანჩკოს გარდა, „იუვე“ სერიოზულადაა დაინტერესებული ლისაბონის „ბენფიკას“ 22 წლის მცველით, ანტონიო სილვათი, რომელთანაც ასევე მიაღწია შეთანხმებას, მაგრამ ჯერჯერობით, „ბენფიკა“ უარს ამბობს, რომ პორტუგალიელი მცველი იანვარში გაასხვისოს.