საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი დიდი ალბათობით, კარიერას „სალერნიტანაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს.
ლოჩოშვილს „კრემონეზეში“ მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს, რის გამოც გუნდის დატოვება სურს და არც კლუბია მისი გასხვისების წინააღმდეგი, ხოლო „სალერნიტანას“ მიმდინარე ზამთარს გაძლიერება სჭირდება. საუბარია, იჯარით და გამოსყიდვის უფლებით ტრანსფერზე.
„სალერნიტანა“ არ ჩერდება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში. კიდევ ერთი ტრანსფერი ახლოსაა: ლუკა ლოჩოშვილი, „კრემონეზესთან“ შეთანხმება არსებობს და ბოლო დეტალებს აგვარებენ. ლოჩოშვილს ცენტრალური და მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში შეუძლია, ცაციაა და „სალერნიტანასთვის“ ძალიან გამოადგება სატურნირო ცხრილში სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, - წერს პედულა საკუთარ საიტზე.
26 წლის მცველს მანამდე „მოდენას“, რიზესპორს“ და „გაზიანთეფსპორს“ უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, სალერნოელებმა კონკურენტებს აჯობეს.
„სალერნიტანა“ სერია B-ში 18 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა და სეზონის მეორე ნაწილში ქულების დაგროვება მართებს. კლუბმა წინა სამი სეზონი სერია A-ში გაატარა, მაგრამ მიმდინარე სეზონი ძალიან წარუმატებელი აქვს.
ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ 2022 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში კი, მოედანზე მხოლოდ 8-ჯერ გავიდა.