ფეხბურთი

16:04 | 9.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" პოზიცია შეიცვალა, პსჟ-ში კვარაცხელიას ტრანსფერის შანსი დიდია

საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბევრი გამოცემა ავრცელებს. L’Equipe-ს ცნობით, პსჟ-ს კვარა ზაფხულშიც სურდა, მაგრამ მაშინ „ნაპოლიმ“ კატეგორიული უარი განაცხადა მის გაყიდვაზე, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა. კონტრაქტის განახლებაზე შეუთანხმებლობის გამო იტალიური კლუბი ღიაა კვარაცხელიას გაშვებაზე სასურველი პირობებით. გარდა ამისა, კვარა ანტონიო კონტესთვის შეუცვლელი ფეხბურთელი აღარ არის.

Corriere Dello Sport-ი წერს, რომ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს და გარიგება შეიძლება ძალიან მალე წარმატებით დაიხუროს. თავის მხრივ, ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა იტყობინება, რომ პსჟ მზადაა 90 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო „ნაპოლი“ 10-20 მილიონით მეტს ითხოვს, თუმცა, ტრანსფერში შეიძლება სლოვაკი მცველი მილან შკრინიარი ჩართონ, რომელიც პარიზელთა გეგმებში არ შედის. „ნაპოლის“ ცენტრალური მცველი სჭირდება, ხოლო შკრიანირი კარგად იცნობს იტალიის ჩემპიონატს და კონტესაც, რომელთანაც „ინტერში“ მუშაობდა.

ფაბრიციო რომანოც წერს, რომ კონტრაქტის განახლებაზე „ნაპოლი“ ამ დრომდე ელოდება კვარაცხელიას პასუხს, ხოლო პსჟ-ს სიაში ქართველი პირველია და აქტიურ კონტაქტშია ტრანსფერის შესახებ. თუმცა, "პარი სენ-ჟერმენის" გარდა, კვარაცხელია "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ნიუკასლ იუნაიტედსაც" დაუკავშირეს.

კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელად "ნაპოლი" რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, "ლილიდან" ედონ ჟეგროვას ან "ლივერპულიდან" ფედერიკო კიეზას დამატებას.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.113053