„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ლონდონური კლუბიდან დღეს, 8 იანვარს გაათავისუფლეს. ამის შესახებ გუნდის პრესსამსახური ოფიციალურ ვებ-გვერდზე იტყობინება.
„2024/25 წლების სეზონის პირველი ნახევარი არ აკმაყოფილებდა კლუბის ამბიციებს, ამიტომ ხელმძღვანელობამ მიიღო ზომები მისი მიზნების შესაბამისად. საბჭო მადლობას უხდის ხულენს და მის გუნდს „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ გაწეული შრომისთვის და უსურვებს წარმატებებს მომავალში. ამ დროისთვის კლუბი შემცვლელის დანიშვნის პროცესშია“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ლოპეტეგი „ვესტ ჰემის“ მწვრთნელად 2024 წლის 1 ივლისს დაინიშნა. ის კლუბში დევიდ მოიესის ნაცვლად მივიდა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლოპეტეგის ადგილს „ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი გრემ პოტერი დაიკავებს.