ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დიდიე დეშამმა ამჯერად თვითონაც დაადასტურა: 2026 წლის მუნდიალის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დატოვებს.
როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს აქვს თავისი დრო და დასასრული, ამიტომაც, გადაწყვეტილება უკვე მიიღო:
„აქ 2012 წლიდან ვარ და 2026 წლამდე ვიქნები, მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე, მაგრამ ჩემი გზა იქ გაჩერდება, ადრე თუ გვიან, მომიწევდა ამის გაკეთება. ეს გადაწყვეტილება უკვე მივიღე. როდესაც რაღაც მშვენიერია, არასოდეს გინდა, რომ დასრულდეს, მაგრამ უნდა იცოდე შეჩერება. ცხოვრება ამის შემდეგაც გაგრძელდება, არ ვიცი, როგორი იქნება, მაგრამ ძალიან ლამაზი იქნება. ყველა ლამაზ ისტორიასაც თავისი დრო აქვს“, - თქვა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2012 წლიდან მუშაობს და 2018 წელს მან ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა. გარდა ამისა, 2022 წლის მუნდიალზე და ევრო 2016-ზე ფინალში გაიყვანა, სადაც შესაბამისად, არგენტინის და პორტუგალიის წინააღმდეგ დამარცხდა.
დეშამმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში ერთა ლიგის მოგებაც მოახერხა.