ტურინის „იუვენტუსს“ დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს, ამ პოზიციაზე მხოლოდ 4 მცველი ჰყავს, შესაბამისად, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში აუცილებლად სჭირდება მინიმუმ 2 მცველის დამატება.
ჯერჯერობით, ტურინელებმა ვერცერთი ტრანსფერი გაჩარხეს, რაც დიდი პრობლემაა, თუმცა, გრძელდება საუბარი, თუ ვინ შეიძლება გააძლიეროს „იუვეს“ დაცვა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტი „ბარსელონას“ ურუგვაელი ფეხბურთელი რონალდ არაუხოა, რომელსაც სერიოზული ტრავმა ჰქონდა და მიმდინარე სეზონში სათამაშო პრაქტიკის გარეშეა. 25 წლის ურუგვაელმა „იუვენტუსს“ უკვე განუცხადა თანხმობა, მაგრამ ახლა „ბარსელონას“ გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა, არაუხოს გაშვებას, რომელსაც ესპანელებთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. საუბარია, იჯარით ტრანსფერზე.
ტურინელთა კიდევ ერთი ვარიანტი როტერდამის „ფეიენოორდის“ და სლოვაკეთის ნაკრების მცველი დავიდ ჰანცკოა, რომელსაც ნიდერლანდელები 25-30 მილიონ ევროდ აფასებენ. თანაც, „ფეიენოორდს“ არ სურს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის იანვარში დაკარგვა, თუმცა თანახმაა, ის ზაფხულში გაყიდოს. მიუხედავად ამისა, „იუვენტუსმა“ შეიძლება როტერდამელები გამოსყიდვის ვალდებულებით იჯარაზე დაითანხმოს.
ამასობაში, „იუვესთვის“, რომელსაც უამრავი უმძიმესი პრობლემა აქვს, იანვარი გადამწყვეტი თვეა სეზონში, რადგან ურთულესი კალენდარი აქვს: სერია A-ში „ტორინოს“, „ატალანტას“, „მილანს“ და „ნაპოლის“ ხვდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ორი გადამწყვეტი მატჩის მიმდინარე თვეში ელოდება.