ფეხბურთი

22:35 | 5.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" და "მანჩესტერი" დაზავდნენ (+VIDEO)

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და ცხადია, ეს ტურის მთავარი თამაში იყო.

„ლივერპული“ საოცარ სეზონს ატარებს, „მანჩესტერი“ კატასტროფულს, შესაბამისად, „წითლები“ აშკარა ფავორიტის სტატუსით შეხვდნენ თამაშს. თუმცა, რუბენ ამორიმის გუნდმა ამჯერად მაინც მოახერხა მარცხისგან თავის არიდება.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარი იყო დიდებული. 52-ე წუთზე სტუმრები ლისანდრო მარტინესმა ეფექტური გოლით დააწინაურა, რასაც ოთხ წუთში არანაკლებ ლამაზი გოლით კოდი გაკპომ უპასუხა. შემდეგ მოჰამედ სალაჰმა პენალტით არნე სლოტის გუნდი დააწინაურა და თითქოს, „ლივერპულს“ ისევ უნდა ემარჯვა, მაგრამ ათ წუთში ამად დიალომ მეორედ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 2:2.

„ლივერპული“ 46 ქულით ლიდერია და „არსენალს“ 6 ქულით უსწრებს, თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „მანჩესტერს“ მხოლოდ 23 ქულა გააჩნია და მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურში ლივერპულელები 14 იანვარს, „ნოტინგემს“ ესტუმრებიან, ხოლო „მანჩესტერელები“ 16 იანვარს, „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებენ.

„ლივერპული“ – „მანჩესტერი“ 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 მარტინესი (52), 1:1 გაკპო (59), 2:1 სალაჰი (70, პენ), 2:2 დიალო (80)

0.112011