„ჰაიდენჰაიმში“ ბუდუ ზივზივაძემ პირველად ივარჯიშა და კომენტარიც გააკეთა. კლუბის ვებგვერდს ქართველმა ფორვარდმა უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო.
„ჩემი ოცნება ყოველთვის ტოპ ხუთ ლიგაში თამაში იყო. როცა „ჰაიდენჰაიმისგან“ ინტერესი გაჩნდა, ადვილი არ ყოფილა გადაწყვეტილების მიღება, რადგან „კარლსრუეში“ ფანებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, გუნდის ლიდერი ვიყავი, მაგრამ ჩემი ოცნება ყოველთვის ბუნდესლიგაში თამაში იყო და როდესაც ეს შანსი გამიჩნდა, არ მინდოდა დამეკარგა. ბედნიერი ვარ, რომ ბუნდესლიგაში სულ მალე ვითამაშებ.
ჩემი თვისებები? მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები, მიყვარს გოლების გატანა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს ჩემი გოლებით ან უბრალოდ კარგი თამაშით დავეხმარო“, - განაცხადა ზივზივაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში სულ მეორე სეზონს ატარებს, გასული სეზონი წარმატებული ჰქონდა, კონფერენს ლიგის საგზურიც კი მოიპოვა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ყველაფერი რთულადაა, 15 ტურის შემდეგ 10 ქულით მხოლოდ მე-16 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონაში და გავარდნის რეალური კანდიდატია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ შმიდტია. „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის ბოლო 7 მატჩი წააგო, ბოლო 10 ტურში კი, ერთადერთი ქულა მოიპოვა, უახლოეს შეხვედრას 11 იანვარს, „უნიონ ბერლინთან“ გამართავს. კონფერენს ლიგაზე გერმანულმა კლუბმა პირველი ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში, ორრაუნდიან ბრძოლაში თებერვალში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენს“ შეხვდება.
ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობდა და 61 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ქართველმა „ჰაიდენჰაიმთან“ 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.