ფეხბურთი

23:19 | 4.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და პირველი წრე ლიდერის პოზიციაზე დაასრულა

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა, რომელიც 3:0 დაამარცხა და პირველი წრე ლიდერის რანგში დაასრულა.

ანტონიო კონტეს გუნდმა რთულ საგარეო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას, მატეო პოლიტანოს და ალესანდრო ბონჯორნოს არყოფნის მიუხედავად მოიგო, თანაც ისე, რომ კითხვის ნიშანიც არ დაუტოვებია.

ისევ საოცარი იყო დავიდ ნერეში, რომლის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება, უკვე ძალიან რთული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ან მატეო პოლიტანოზე უნდა თქვას უარი. ყოველ შემთხვევაში, ნერეში თამაშიდან თამაშამდე საუკეთესო თავის გუნდში და ახლაც ასე იყო. ბრაზილიელმა 29-ე წუთზე ძალიან მაგარი გოლით გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში რომელუ ლუკაკუმ პენალტით გაზარდა სხვაობა, ხოლო საბოლოო ანგარიში სკოტ მაკტომინეიმ დააფიქსირა.

კვარაცხელიას ტრავმის გამო არ უთამაშია, თუმცა დაზიანება სავარაუდოდ, სერიოზული არაა და მომდევნო ტურში უნდა დაბრუნდეს. ქართველს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„ნაპოლიმ“ პირველი წრე 44 ქულით დაასრულა და ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 12 იანვარს, „ვერონას“ უმასპინძლებს, რომელთანაც რევანში აქვს ასაღები, რადგან პირველ ტურში სწორედ ვერონაში 0:3 განადგურდა. თუმცა, მას შემდეგ კონტემ „ნაპოლი“ სრულად გარდაქმნა.

„ფიორენტინა“ – „ნაპოლი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ნერეში (29), 0:2 ლუკაკუ (54, პენ), 0:3 მაკტომინეი (68)

0.113299