ესპანეთის ლა ლიგაში მე-12 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც მადრიდის „რეალმა“ „ვალენსია“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
არადა, „ვალენსია“ ახლოს იყო ქულის მოპოვებასთან, თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ გაძლო. პირველი ტაიმი „ღამურებმა“ უგო დუროს გოლით მოიგეს, მაგრამ მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა.
55-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა პენალტი ვერ გაიტანა, ბურთი ძელს მოხვდა. 5 წუთის შემდეგ კილიან მბაპეს გოლი გაუქმდა, ხოლო 79-ე წუთზე ვინისიუსმა ვალენსიელთა მეკარეს, სტოლე დიმიტრიევსკის თავში ხელი ჩაარტყა და გააძევეს... მოკლედ, ბრაზილიელს „მესტალიაზე“ სტუმრობა კარგი არასდროს გამოსდის.
„რეალმა“ მოახერხა და რიცხობრივ უმცირესობაში თამაში მოიგო! „ვალენსია“ 85-ე წუთამდე იგებდა, მოედანზე რიცხობრივ უპირატესობაშიც იყო და მაინც წააგო. 85-ე წუთზე ბელინგემის პასით ლუკა მოდრიჩმა გაათანაბრა, ხოლო 96-ე წუთზე ინგლისელმა ნახევარმცველმა საგოლე პასს გოლიც დაუმატა და „სამეფო კლუბს“ მოაგებინა.
„ვალენსიას“ რიგებში არ უთამაშია გიორგი მამარდაშვილს, რომელიც ჯერ კიდევ ტრავმირებულია და ამიტომაც, კარს დიმიტრიევსკი იცავდა. „ლოს ჩეში“ მთავარი მწვრთნელის, კარლოს კორბერანის წარუმატებელი დებიუტი შედგა.
„ვალენსია“ 12 ქულით ბოლო ორ პოზიციას „ვალიადოლიდთან“ ერთად იყოფს, ხოლო „რეალი“ 43 ქულით ლიდერია. მომდევნო ტურში კარლო ანჩელოტის გუნდი 19 იანვარს, „ლას პალმასს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვალენსია“ 11 იანვარს „სევილიას“ ესტუმრება.