ფეხბურთი

21:10 | 3.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერიოზულია თუ არა ტრავმა და როდის დაბრუნდება კვარაცხელია?

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია წლის პირველ მატჩს, „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გამოტოვებს.

ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თქვა, რომ ის მზად არ არის ამ მატჩისთვის და განაცხადში არ იქნება. იტალიელმა უბრალოდ აღნიშნა, რომ კვარას ამჯერად კუნთის პრობლემა აქვს, მაგრამ დეტალურად არ უსაუბრია.

იტალიური მედიის ცნობით, თუ კვარაცხელიას დაზიანება მხოლოდ კუნთების გადაღლას უკავშირდება და თუ საქმე არ გაურთულდა, მხოლოდ ფლორენციელებთან მატჩს გამოტოვებს და 12 იანვრისთვის მზად იქნება, როცა „ნაპოლი“ „ვერონას“ უმასპინძლებს.

ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ვარაუდია, კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ზუსტი დიაგნოზი უცნობია. ქართველმა მუხლის დაზიანების გამო უკვე გამოტოვა „უდინეზესთან“ მატჩი, თუმცა მოედანზე დაბრუნება მალევე მოახერხა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში მას 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.112213