საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგის ბინადარ „ჰაიდენჰაიმში“ გააგრძელებს. ამჯერად, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, ორივე კლუბის მხრიდან - „ჰაიდენჰაიმისა“ და „კარლსრუეს“.
ბუდუმ გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურად არ გავრცელებულა, მაგრამ სავარაუდოდ, 1.5 მილიონი ევროა. ბუდუს „კარლსრუესთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, რის გამოც კლუბმა მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. ზივზივაძე კარიერაში პირველად ითამაშებს ტოპლიგაში.
მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი მან „კარლსრუეში“ დიდებულად ჩაატარა, რომლის მაისურით 20 მატჩში 14 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა, II ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას კი, ლიდერობდა. „კარლსრუეში“ ბუდუ 2023 წლის იანვრიდან თამაშობდა და მთლიანობაში 61 მატჩში 27 გოლი გაიტანა.
მანამდე ქართველს „დინამო თბილისში“, „ტორპედოში“, „სამტრედიაში“, „ესბიერგში“, „მეზოკოვეშდში“, „ფეჰერვარსა“ და „უიპეშტში“ უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.
„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში სულ მეორე სეზონს ატარებს, გასული სეზონი წარმატებული ჰქონდა, კონფერენს ლიგის საგზურიც კი მოიპოვა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ყველაფერი რთულადაა, 15 ტურის შემდეგ 10 ქულით მხოლოდ მე-16 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონაში და გავარდნის რეალური კანდიდატია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ შმიდტია. „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის ბოლო 7 მატჩი წააგო, ბოლო 10 ტურში კი, ერთადერთი ქულა მოიპოვა, უახლოეს შეხვედრას 11 იანვარს, „უნიონ ბერლინთან“ გამართავს. კონფერენს ლიგაზე გერმანულმა კლუბმა პირველი ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში, ორრაუნდიან ბრძოლაში თებერვალში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენს“ შეხვდება.
გერმანიის ბუნდესლიგაში ამჟამად ბუდუ ზივზივაძის გარდა, სხვა ქართველი არ თამაშობს, წარსულში კი, არაერთს უთამაშია, მათ შორის, განსაკუთრებული კვალი გერმანიაში ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა დატოვეს.