„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის პირველ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა.
იტალიელმა სპეციალისტმა „ფიორენტინასთან“ თამაშის წინ პრესკონფერენცია სწორედ ამ ინფორმაციის გაჟღერებით გახსნა.
„მატჩისთვის განაცხადში არ არის პოლიტანო, რომელსაც ამ კვირაში პრობლემები ჰქონდა, მაგრამ არც კვარაცხელიაა, ეს კიდევ ერთი ინფორმაცია მოგაწოდეთ. გაუთვალისწინებელი მოვლენები, მცირე თუ დიდი ზომით, სეზონის ნაწილია. ტრავმებს აქამდე კარგად ვუმკლავდებოდით, ლობოტკას, გილმორის, ბონჯორნოს შემთხვევაში. კვარა მუხლის პრობლემისგან ბოლომდე გამოჯანმრთელებული ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ ახლა კუნთის გადაღლაც აღენიშნება. ვეცდებით, ისე მოვიქცეთ, როგორც წარსულში, გუნდური მუშაობით შევავსოთ დანაკლისი. შესაძლებელია, რომ კვარას და პოლიტანოს არყოფნის გამო შეტევაში სპინაცოლამ ითამაშოს, რომელიც „იუვენტუსის“ ახალგაზრდულ გუნდში გარემარბი იყო, შემდეგ გახდა მცველი, ასე რომ, ეს ვარიანტი გვაქვს“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. „ფიორენტინა“ – „ნაპოლის“ შეხვედრა 4 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.