ფეხბურთი

1:46 | 31.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: "მანჩესტერი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა, "ჩელსი" - მეორედ

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ერიკ ტენ ჰაგი საშინელი შედეგები გამო გააგდეს, მიიყვანეს რუბენ ამორიმი, რომელიც „სპორტინგში“ საოცრად მუშაობდა, მაგრამ მანკუნიანელთა შედეგები გაუარესდა!

„მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ მესამე თამაში წააგო, ხოლო ბოლო ექვს ტურში მეხუთედ დამარცხდა...

„წითელი ეშმაკები“ ამჯერად „ოლდ ტრაფორზე“ „ნიუკასლ იუნაიტედთან“ დამარცხდნენ უშანსოდ, მე-19 წუთზე „ჯორდები“ უკვე 2:0-ს იგებდნენ ალექსანდერ ისაკის და ჟოელინტონის გოლებით, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. „ნიუკასლმა“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო და 32 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერი“ 22 ქულით მე-14 პოზიციაზეა, წინ 5 იანვარს, „ლივერპულთან“ საგარეო მატჩი აქვს, კარგს რომ არაფერს მოასწავებს, ისეთი...

ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე თამაში წააგო და 2024 წელი ცუდად დაასრულა, არადა, სამი ტურის წინ ენცო მარესკას გუნდი ჩემპიონობის ამბიციით გამოირჩეოდა.

ლონდონელებმა ჯერ „ევერტონს“ ვერ მოუგეს (0:0), მერე შინ „ფულჰემთან“ წააგეს (1:2) და ამჯერად სტუმრად „იფსვიჩის“ წინააღმდეგაც მარცხი განიცადეს - 0:2. ლიამ დელაპმა და ომარი ჰატჩინსონმა მარესკას გუნდს თითო ტაიმში თითო უპასუხო გოლი გაუტანეს.

„ჩელსი“ 35 ქულით მეოთხე ადგილზეა, „ლივერპულთან“ ჩამორჩენა უკვე 10 ქულაა და თანაც, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. „იფსვიჩი“ 15 ქულით მე-18 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში.

დღესვე, ბირმინგემის „ასტონ ვილა“ „ბრაიტონს“ შინ დაუზავდა - 2:2. ჯერ სტუმრები იგებდნენ, შემდეგ მასპინძლები და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს. „ასტონ ვილას“ 29 ქულა აქვს, იქვეა „ბრაიტონიც“ 27 ქულით.

0.131304