ფეხბურთი

10:27 | 29.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა დაბრუნებაა, არ დავნებდები"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ლესტერ სიტისთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ვერ ხსნის, რაც მისი გუნდის თავს ხდება, მაგრამ დანებებას არ აპირებს და დაბრუნების სჯერა:

„ზოგჯერ ჩანს, რომ გამოსავლის პოვნა ადვილია, მაგრამ ზოგჯერ ხვდები, რომ ამას დრო სჭირდება. თუმცა, არ დავნებდები. ლესტერში მივდივართ, იქ თამაში რთულია, მაგრამ ფეხბურთელები მზად არიან. მინდა, ვეცადო, რაც შეიძლება მშვიდი ვიყო, რათა უკეთ გავაანალიზო სიტუაციები და გავიგო, როგორ გამოვასწორო სიტუაცია.

„ევერტონთან“ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, „იუნაიტედს“ თამაში ვაჩუქეთ, არ ვიცი, როგორ ავხსნა, ეს ხდება, ეს ცხოვრებაა, ეს არის ფეხბურთი. კრიზისის მთავარი მიზეზი შვიდი-რვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელის ტრავმაა. ამის შემდეგ ყოველ სამ დღეში თამაში უფრო რთული ხდება.

ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა დაბრუნებაა, როგორც ეს წარსულში გავაკეთეთ. მაგრამ ის, რაც ხდება, გვაფიქრებინებს, რამდენად ლამაზი იყო გასული სეზონები, ეს სიმართლეა. არ ვწუწუნებ, არაფერს ვნანობ და სხვებისკენ თითს არ ვიშვერ, ესაა ფეხბურთი, ცხოვრება. ვეცდებით დაბრუნებას, არ მინდა, ჩემს ხალხს, კლუბს და გულშემატკივარს იმედი გავუცრუო, ბრძოლას გავაგრძელებ. მინდა ვიყო აქ, მინდა გავაკეთო ეს და იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელშიც ვართ, უნდა შევძლო“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ყველა ტურნირზე ბოლო 13 მატჩში 9 მარცხი განიცადა, 3-ჯერ ფრეს დასჯერდა და ერთადერთხელ გაიმარჯვა.

0.118665