კალათბურთი

1:56 | 29.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის და ბექა ბურჯანაძის უქულო მატჩები ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტური ქართველებისთვის უქულო გამოდგა, რაც ერთობ უცნაურია.

„ტენერიფემ“ სტუმრად „მორაბანკ ანდორა“ 92:83 დაამარცხა, ხოლო გიორგი შერმადინმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა, თუმცა ქულა ვერ ჩააგდო და გუნდს მხოლოდ 2 მოხსნით დაეხმარა. ქართველ ცენტრს ბურთი კალათისკენ არ უსვრია.

„ტენერიფე“ 9 მოგებით და 4 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 იანვარს, „სარაგოსას“ უმასპინძლებს.

ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნია“ საკუთარ მოედანზე „ბილბაოსთან“ 79:100 დამარცხდა.

ბურჯანაძესაც უქულო შეხვედრა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ პარკეტზე სოლიდური დრო, 24 წუთი გაატარა. ბექამ 4 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო არაზუსტად ისროლა. ქართველმა კალათბურთელმა გუნდს 4 მოხსნა და 2 პასი შესძინა.

„ლეიმა კორუნია“ 4 მოგებით და 9 წაგებით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 5 იანვარს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

0.120783