ფეხბურთი

18:37 | 28.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "მინიმალური მიზნებით არასდროს ვკმაყოფილდები"

„ნაპოლის“ მთავარმა ანტონიო კონტემ „ვენეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ჯერ ადრე იმის თქმა, რომ სკუდეტოსთვის მხოლოდ „ინტერი“, „ნაპოლი“ და „ატალანტა“ იბრძვიან. ასევე, აღნიშნა, რომ დღეს არ დათანხმდებოდა უბრალოდ ოთხეულში ადგილზე, რადგან მინიმალურ მიზნებზე თანახმა არასდროსაა.

„სკუდეტოსთვის ბრძოლაში მხოლოდ სამი გუნდია? სეზონის პირველი წრე ჯერ არ დასრულებულა, ცოტა სარისკოა ამაზე საუბარი, პირველი წრის ბოლომდე ორი მატჩია დარჩენილი, კიდევ 63 ქულაა გასათამაშებელი, მათემატიკაში მაგარი ვიყავი (იღიმის - რედ). მიზანი უნდა იყოს ქულების დაგროვება და მეტოქეებისთვის პრობლემების შექმნა, ეს არის უპირველესი მიზანი, ბევრს ვმუშაობთ და გვინდა ზრდა გავაგრძელოთ.

მე-4 ადგილს ახლა თუ დავთანხმდებოდი? არასოდეს მიყვარს მინიმალურ მიზნებზე საუბარი, ვინც მიცნობს, ეს იცის. თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რა მიზნები გვაქვს, საიდან ვიწყებთ, მაგრამ მე არასდროს ვარ თანახმა წინასწარ მინიმალურ მიზანზე. უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ. 38 ქულა ბევრია, ჩვენი სტარტის გათვალისწინებით, გვინდა, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ, გავაუმჯობესოთ და უბრალოდ მუშაობა გავაგრძელოთ.

იმედი გვაქვს, რომ 2024 წელს გულშემატკივრების გახარებით დავხურავთ, საკუთარი თავისთვისაც, რათა ახალი წლის ღამე კარგად აღვნიშნოთ. ძალიან ინტენსიური 5 თვე იყო, გუნდში ლამაზი და კარგი გარემოა, „ნაპოლის“ მწვრთნელობა ნამდვილად ბევრს გაძლევს, მაგრამ ამავდროულად ძალიან მომთხოვნია სხვადასხვა ასპექტით. ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩვენი და ბიჭების მიზანია, რომ არასდროს გვქონდეს სინანულის განცდა, არამედ, მოედანი ყოველთვის უნდა დავტოვოთ იმ განცდით, რომ ყველაფერი გავიღეთ“, - აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 17 ტურის შემდეგ 38 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება, 29 დეკემბერს კი, თბილისის დროით 18:00 საათზე „ვენეციას“ უმასპინძლებს.

0.113558