„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა განაცხადა, რომ თუ დადებითი შედეგები არ ექნება, იცის, რომ მისი გათავისუფლების საფრთხე არსებობს და შეიძლება ეს დღის წესრიგშიც დადგეს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი თავს დაცულად არასდროს გრძნობს. ვიცი, რას ნიშნავს ეს და ვიცნობ ამ გარემოს. თუ ვერ გავიმარჯვებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩემს მოსაყვანად ფული გადაიხადეს, მე საფრთხეში ვიქნები, როგორც ყველა მწვრთნელი. მომწონს ზღვარზე ყოფნა, ეს ჩვენი საქმის ნაწილია. შეგიძლია ამტკიცო, რომ აქ მხოლოდ ერთი თვეა ვარ და მხოლოდ ოთხი ვარჯიში ჩავატარეთ, მაგრამ ვერ ვიმარჯვებთ და საფრთხე რეალურია. თუმცა, ამ სიტუაციაში თავს კომფორტულად ვგრძნობ.
გულშემატკივრებისგან ვერაფერს მოვითხოვ, სტადიონი ყოველთვის სავსეა, ყოველთვის მხარს გვიჭერენ და მარცხის შემდეგ ტაშს გვიკრავენ. ვიცი, რომ ამ მომენტში ჩვენს გვერდით არიან და მათთვის უნდა ვიბრძოლოთ“, - თქვა ამორიმმა.
რუბენ ამორიმის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამ დრომდე 10 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, საიდანაც 4 მოიგო, ერთხელ ფრეს დასჯერდა და 5-ჯერ დამარცხდა. „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში მე-14 ადგილზეა, ხოლო ინგლისის ლიგის თასს გამოეთიშა.