ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრები კიდევ უფრო გაძლიერდება.
„მსოფლიო ჩემპიონატამდე 18 თვე რჩება და ისინი ძალიან სწრაფად გაფრინდებიან. მაგრამ ჩვენ მზად ვართ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცნობ ამ ფეხბურთელებს. ისინი ისევ მოწყურებულნი არიან და სურთ გააგრძელონ გამარჯვებები.
არ ვიცი, რამდენად შორს წავალთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 18 თვეში იმაზე უკეთ ვიქნებით მომზადებული, ვიდრე ახლა ვართ. იქნებიან ახალი და კარგი მოთამაშეები და ისინი, ვინც ამჟამად თამაშობს, უფრო მომწიფდებიან და გაძლიერდებიან. აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ უკეთესი გუნდი ვიქნებით, ვიდრე ახლა“, - ციტირებს ესპანურ ონლაინ გამოცემა AS-ს დე ლა ფუენტეს.
შეგახსენებთ, რომ გაისად გაზაფხულზე, ერთა ლიგის პლეი-ოფების შემდეგ, ესპანეთის ეროვნული გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში შესაძლოა საქართველოს ნაკრების მეტოქე გახდეს.