იტალიის ნაკრების ამჟამინდელმა და „ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტელეკომპანია Rai-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი.
სპალეტიმ კვარას რჩევები მისცა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა, თუ რატომ ვეღარ თამაშობს ხვიჩა იმ ფეხბურთს, რომელსაც ლუჩანოს ხელმძღვანელობით თამაშობდა:
„კვარაცხელია მგრძნობიარე ბიჭია, ძლიერი, ტექნიკური და ხარისხობრივი თვალსაზრისით. ალბათ, უფრო მტკიცე ხასიათი სჭირდება და ამაზე უნდა იმუშაოს, რათა ჩვენს ჩემპიონატში უფრო მეტად სტაბილური იყოს.
ის გამონაკლისი ფეხბურთელია, უსაზღვრო ხარისხი აქვს. ჩემი აზრით, ზოგჯერ პაუზები უნდა გააკეთოს, რადგან, შემდეგ, როცა მოძრაობას იწყებს, შეუჩერებელია“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონი, სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.