პირველი ლიგის მე-11 ტური არასრული გამოდგა. ‘აკადემია-ლაშარის’ ვირუსული გრიპშეყრილი 5 მოთამაშის გამო საშეჯიბრო კომიტეტს ‘მათე’-‘აკადემია-ლაშარის’ მატჩის გადავადება მოუხდა. სრკ-ს დებულების თანახმად, ხსენებული ოდენობის მოთამაშეთა ინფიცირების შემთხვევაში, დაზარალებულ გუნდს თამაშის გადადების უფლება გააჩნია, რითაც „მხატვრებმა“ კიდეც ისარგებლეს.
ზამთრის არდადეგების წინ (პირველობა თებერვლის პირველ დეკადაში განახლდება) ‘გორმა’ ლიდერობა განიმტკიცა. გიორგი ჭინჭარაულის ბიჭებმა პირველობის 11-ივე მატჩი მოიგეს (პრემიალური ქულის აღება მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ მოახერხეს), 53 ქულა დააგროვეს და მე-2 ადგილზე ანაცვლებულ ‘წიქარას’ 16 ქულით უსწრებენ. ‘წიქარამ’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ 1 ქულით გადაასწრო. ‘რუსთავი’ კი 34 ქულით მე-4 პოზიციაზე განთავსდა.
წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ 30 ქულით მე-5 პოზიცია გაიმყარა და პლეი ოფის ზონის დასკვნით მე-6 ადგილზე დამკვიდრებულ ‘ლოკომოტივს’ 2 ქულით უსწრებს. ჭიათურის ‘მათე’ 18 ქულით მე-7 ადგილზე რჩება და მე-8 ადგილზე მყოფ ოზურგეთის ‘არწივებს’ კვლავაც 7 ქულით აღემატება. ცხრილის ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე მყოფმა ‘ფოთმა’ გურულებთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა. ‘აკადემია-ლაშარი’ კი 4 ქულით ცხრილის ბოლო საფეხურს იკავებს.
ტურის გამორჩეული შეხვედრა ვაზისუბნის სარაგბო არენაზე გაიმართა. აღმოსავლურ დერბიში, ჩემპიონატის ლიდერი ‘გორი’ მდევარ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ დაუპირისპირდა. მატჩის საწყისი 20 წუთი ნომინალური მასპინძლის, ‘ვეფხვების’ სრული უპირატესობით წარიმართა. გარე კახელები ფრთა გიორგი ჭინჭარაძის გარდაუსახავი ლელოთი დაწინაურდნენ, ხოლო უბურთო მოთამაშის ბოჭვისთვის მათ სასარგებლოდ დანიშნული საჯარიმო ლელოთი სხვაობა 12 ქულამდე გაზარდეს.
მატჩის დარჩენილმა ნაწილმა კი შიდა ქართლელთა უპირატესობით ჩაიარა. ფიჯელი ფრთა ჯაბულანი მკულვანისა და კვაჭ დიმიტრი ხურცილავას დადებული ლელოებით გორელებმა შესვენების წინ ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ნახევარში კი გიორგი ჭინჭარაულის შეგირდებმა მონაგარს 13 უპასუხო ქულა შემატეს. გორელთა ბურჯ ირაკლი პურიჭამიაშვილის დადებული ლელო მგეზავმა ბონდო აბაშიძემ გარდასახა, ვინაც 2 ჯარიმის გატანაც მოახერხა და მიმდინარე სეზონში საკუთარი გუნდის მე-11 გამარჯვება დააფიქსირა - 25:12.
‘წიქარა’, ოზურგეთის ‘არწივებს’ ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე დაუხვდა და მატჩის ბედი გურულებს პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაუწყვიტა. ბექა სხულუხიას ბიჭებმა შესვენებამდე 6 ლელო გაიტანეს, სტუმრები კი მარბიელ ოთარ კილასონიას დადებულ ეულ ლელოს დააჯერეს. ‘წიქარას’ წარმატებას საფუძველი ფულბეკმა კლავდიუს ხუციშვილმა ჩაუყარა, ვინაც პირველივე ტაიმში „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა.
შემდგომში მასპინძელთა ფრთა ნიკოლოზ ნოქარაშვილმა „დუბლი“ გაიფორმა, ხოლო მგეზავმა გიორგი ასათიანმა 5 გარდასახვა გამოიყენა. მეორე ნახევარში მატჩის სურათი დიდად არ შეცვლილა. ‘წიქარამ’ მეტოქეს კვლავ 1 ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა, საკუთრივ კი მონაგარს 3 გარდაუსახავი ლელო შემატა. ‘წიქარას’ პრემიალური ქულით გამარჯვება მღლეტელი გიორგი მესხის გატანილმა ლელომ დააფიქსირა - 55:12.
‘ლოკომოტივის’ ბაზამ, ‘ლოკომოტივი’-‘რუსთავის’ შეხვედრასაც უმასპინძლა. პირველი ნახევარი „რკინიგზელთა“ სრული უპირატესობით წარიმართა. ქვეყნის 10-გზის ჩემპიონი აქცენტს ჩვეულ სტატიკაზე აკეთებდა და ქვემო ქართლელებს 3 ძალისმიერი უპასუხო ლელოც დაუდო. ‘ლოკომოტივის’ მარბიელი კაპიტნის რამაზ ბენდელიანის კვალ, კვაჭმა პაატა რუაძემ „დუბლი“ გაიფორმა. მგეზავმა ონისე ნიკოლაძემ სამივე გარდასახვა გამოიყენა და შესვენებაზე ‘ლოკომოტივი’ 21-ქულიანი უპირატესობით წავიდა.
მეორე ტაიმში ‘რუსთავი’ გააქტიურდა და „რკინიგზელთა“ მღლეტელ ლაშა შერგელაშვილის გარდაუსახავი ლელოს წილ, საკუთრივ 3 ლელოს გატანა მოახერხა. მატჩის მიწურულს მხტომელ თორნიკე აქუბარდიას დადებულმა ლელომ ქვემო ქართლელებს ნუგეშ-ქულა მოუპოვა. ‘ლოკომოტივმა’ მატჩი 26:20 მოიგო.
„პარკი არენაზე“, მასპინძელმა ‘ფოთმა’ წყალტუბოს ‘დინოზავრს’ დიდი ბრძოლა გაუმართა. შუამარბ ანდრო ახვლედიანისა და მღლეტელ დავით ლოსაბერიძის გარდასახული ლელოებით იმერლებმა ტაიმი 4 ქულით მოიგეს. მეორე ნახევარში ‘ფოთი’ გააქტიურდა და ტაიმის შუაწელს შუამარბ მიშიკო ხოშტარიას გარდასახული ლელოთი ანგარიშში 3 ქულით დაწინაურდა.
‘დინოზავრმა’ უპირატესობა დაიბრუნა და დარჩენილ დროში კოლხებს 2 უპასუხო ლელო დაუდო, რამაც მატჩის მიწურულს იმერლები კომფორტული, 9 ქულით დააწინაურა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი მასპინძელთა აფრიკელმა მგეზავმა ბლეიქ დიდერიქსმა გატანილი საჯარიმოთი ‘ფოთს’ ნუგეშ-ქულა მოუპოვა. ‘დინოზავრმა’ მთლიანობაში კოლხებს 2-ით მეტი, 4 ლელო დაუდო და ჩემპიონატში მიჯრით მე-5 გამარჯვება იზეიმა - 26:20.
RUGBY.GE