საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „მარსელთან“ 0:4 განადგურდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
„მწვანეები“ 21-ე წუთზე მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, ერთ წუთის შემდეგ მეისონ გრინვუდმა ანგარიში გახსნა და შემდეგ რობერტო დე ძერბის გუნდმა ადვილად მოიგო. სტუმართა რიგებში გოლები გრინვუდის გარდა, ადრიენ რაბიომ, ლუის ენრიკემ და პიერ ემილ ჰოიბერგმა გაიტანეს.
ზურიკო დავითაშვილმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, შესვენებაზე კი შეცვალეს. ქართველს მიმდინარე სეზონში ლიგა 1-სა და თასზე ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 2-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.
„სენტ ეტიენმა“ 2024 წელი დაასრულა, მომდევნო მატჩს კი, 4 იანვარს, ლიგა 1-ში, საკუთარ მოედანზე „რეიმსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.