„მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონა“ - ორი კლუბი, რომლებიც ბოლო პერიოდში ღრმა კრიზისში არიან და გამოსავალიც თითქოს, არ ჩანს.
„მანჩესტერ სიტიმ“ 26 ოქტომბრის შემდეგ, ბოლო ორ თვეში, ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ ერთხელ იმარჯვა, „ნოტინგემ ფორესტთან“ 3:0, ორჯერ ფრეს დასჯერდა, „კრისტალ პალასსა“ და „ფეიენოორდთან“ (3:0-დან 3:3), ხოლო დანარჩენი 9 მატჩი წააგო.
პეპ გვარდიოლას გუნდს ბოლო ორ თვეში პრემიერლიგაში მხოლოდ 4 ქულა აქვს მოპოვებული, ამ პერიოდში უარესი შედეგი მხოლოდ „საუთჰემპტონმა“ აჩვენა, რომელმაც მთლიანად სეზონში ამ დრომდე ოდენ 5 ქულა მოიპოვა. ეს ყველაფერი სატურნირო ცხრილზეც აისახა, სადაც „სიტი“ თუ ორი თვის წინ ლიდერი იყო, ახლა მხოლოდ მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონობას ვინ დაეძებს, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა დგას ეჭვქვეშ.
„ბარსელონაც“ მძიმე დღეშია. ჰანსი ფლიკის გუნდმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, მეტოქეებს ანადგურებდა, უამრავ გოლს იტანდა, ცოტას უშვებდა, „ელ კლასიკოში“ „რეალი“ 4:0 გაანადგურა და ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობდა. თითქოს, „ბარსამ“ დაიბრუნა ძველი იდენტობა, მაგრამ „რეალთან’ შთამბეჭდავი მოგების მერე ყველაფერი შეიცვალა.
7 მატჩი და 5 ქულა! ეს კატასტროფული შედეგია. „ბარსელონა“ ბოლო ორ თვეში ლა ლიგაში „სოსიედადთან“, „ლას პალმასთან“, „ლეგანესთან“ და „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა, მათ შორის, სამჯერ შინ წააგო, რითაც ანტირეკორდი გაიმეორა (პირადი). იყო ფრეები „ბეტისსა“ და „სელტასთან“, მხოლოდ „მალიორკას“ სძლია ბოლო 7 ტურში. შედეგად, „ბარსა“ არათუ დამაჯერებლად ვეღარაა პირველ ადგილზე, უკვე ჩამორჩა „ატლეტიკოს“, დღეს „რეალს“ შეუძლია მისი გასწრება, თან ორივე მადრიდულ გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
„მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის ის სხვაობაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე განსხვავებულად მისდით საქმეები. ფლიკის გუნდი ევროთასებზე ისე კარგია და მერვედფინალის საგზური თითქმის ჯიბეში აქვს, აი, „სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზეც მძიმე მდგომარეობა აქვს.
2025 წელს, პეპ გვარდიოლას და ჰანსი ფლიკის წინაშე ახალი გამოწვევაა - კრიზისიდან გამოსვლის გზაა საპოვნელი.