თბილისის ‘არმიამ’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ crocobet დიდი 10-ის მე-12 ტურში 27:18 სძლია და სანამ მისი კონკურენტები ითამაშებენ, 29 ქულით მე-4 ადგილზე აღზევდა.
“ავჭალაზე” გამართული მატჩის დებიუტში მერლს პიტერსმა და ოთარ ტალახაძემ ჯარიმები გაცვალეს. მე-8 წუთზე პიტერსის 40 მეტრიდან შესრულებული ჯარიმით მასპინძლები დაწინაურდნენ. მე-16 წუთზე, მოლის შემდეგ ბურთი გიორგი ხარშილაძეზე გავიდა, რომელმაც ხაზი გაგლიჯა და სამმაგი ბოჭვის მიუხედავად ლელო ძელებსშუა დაამიწა. პიტერსმა გარდასახვით მასპინძელთა უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.
‘ტაომ’ 21-ე წუთზე უპასუხა. მარჯვენა ფრთაზე ხაზი ჯერ გიორგი ნავროზაშვილმა გაჭრა, მარცხენა ფრთაზე ლელოში კახი მანველიშვილი შევიდა და ორმაგი ბოჭვის მიუხედავად ბურთი თამაშში დატოვა, რომელსაც ლელოში რატუ მელი ტურანგათა დაახტა. ‘არმია’ სათამაშო ინიციატივას ფლობდა, ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, მერე ოთარ ტალახაძის სინბინით რიცხობრივი უპირატესობაც მიიღო, თუმცა 35-ე წუთზე ლელო თავად გაუშვა.
‘ტაომ’ ფაზები აკინძა, ტურანგათამ ხაზი გაგლიჯა და 22-ში წინ წაიწია, რის შემდეგაც გიორგი ნავროზაშვილს ოფლოუდი გაუხერხა და მისი ლელო ოთარ ტალახაძემ გარდასახა. ‘არმიამ’ ტაიმის ბოლოს შეძლო საპასუხო ლელოს გატანა, მაღალ ტემპში შეუტია და მარჯვენა ფრთაზე უმეთვალყუროდ ირაკლი ქვათაძე დარჩა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 18:15.
მეორე ტაიმის დასაწყისში პიტერსმა არმიელთა უპირატესობა ჯარიმით გაზარდა. ‘ტაომ’ ლელოთი უპასუხა, თუმცა ის ვიდეო-რეფერიმ გააუქმა, 59-ე და 61-ე წუთებზე კი რეზი ბროძელმა და იოანე ხელაიამ ყვითელი ბარათები მიიღეს და სტუმრები 13 კაცის ამარა დარჩნენ. ‘არმიამ’ იქვე ჯარიმა გაიტანა, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობით მეტად ვეღარ ისარგებლა. დასკვნით 10 წუთში ტალახაძემ და პიტერსმა ჯარიმები გაცვალეს, მასპინძლებმა 27:18 მოიგეს და სტუმრები ნუგეშ-ქულის გარეშე დატოვეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო ნახუცრიშვილი გახდა. ‘ტაო’ 19 ქულით მე-8 ადგილზე რჩება.
RUGBY.GE