გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, ლევერკუზენის „ბაიერმა“ „ფრაიბურგს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.
შეხვედრის მთავარი გმირი მასპინძელთა ჩეხი ფორვარდი პატრიკ შიკი გახდა, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა. ფარმაცევტთაგან კიდევ ერთი გოლი ნახევარმცველმა ფლორიან ვირცმა შეაგდო. „ფრაიბურგიდან“ თავი ნახევარმცველმა ვინჩენცო გრიფომ გამოიჩინა.
საინტერესოა, რომ ვირცმა ნახევარი საათის თავზე, როცა ანგარიში არ გახსნილიყო, პენალტი ვერ გაიტანა, შემდეგ კი სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლევერკუზენმა ყველა შეჯიბრებაში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა, 32 ქულა დააგროვა და გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ლიდერ „ბაიერნს“ ოთხი ქულით ჩამორჩება. „ფრაიბურგი“ 24 ქულით მე-8 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერი“ ბუნდესლიგის მოქმედი ჩემპიონია. გასულ სეზონში გუნდმა მთელი ჩემპიონატი დაუმარცხებლად გაიარა.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-15 ტური. 21 დეკემბერი: შტუტგარტი - ზანქტ პაული 0:1, აინტრახტი - მაინცი 1:3, ჰოფენჰაიმი - გლადბახი 1:2, ვერდერი - უნიონ ბერლინი 4:1, ჰოლშტაინი - აუგსბურგი 5:1, ბაიერი - ფრაიბურგი 5:1