ფეხბურთი

18:30 | 21.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

მე-9 წაგება ბოლო 12 თამაშში: გვარდიოლას და "სიტის" კოშმარი გრძელდება

„მანჩესტერ სიტის“ ბოლო ორი თვეა ისეთი შედეგები აქვს, რომელსაც ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა - ყველაზე ცუდი კოშმარიც კი, პეპ გვარდიოლასთვის ალბათ, ბევრად ლამაზი ამბავი იქნებოდა.

26 ოქტომბრის შემდეგ ყველა ტურნირზე: 12 მატჩი, 1 მოგება, 2 ფრე და 9 წაგება! „სიტის“ უკვე ყველა უგებს, ვისაც ეს უბრალოდ არ ეზარება...

ამჯერად, გვარდიოლას გუნდი პრემიერლიგის მე-17 ტურში დამარცხდა, სტუმრად, ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“. „ქალაქელების“ სათამაშო მექანიზმი ყველა რგოლში რომ მოშლილია, „ვილა პარკზე“ კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მე-16 წუთზე ანგარიში ჯონ დურანმა გახსნა, 65-ე წუთზე მორგან როჯერსმა სხვაობა ორამდე გაზარდა და თამაშს ინტრიგა მოუკლა, რომელიც პრინციპში პირველი გოლის მერეც არ არსებობდა, რადგან მოედანზე „სიტიც“ არ არსებობდა... თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ფილ ფოდენმა პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანა, ამის მიუხედავად, თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა - 2:1 „ასტონ ვილას“ სასარგებლოდ.

ეს იყო, „მანჩესტერ სიტის“ ზედიზედ მესამე წაგება ყველა ტურნირზე. გვარდიოლას გუნდი 27 ქულით უკვე მე-6 ადგილამდე დაქვეითდა, სწორედ „ასტონ ვილამ“ გადაასწრო, რომლის აქტივში 28 ქულაა. „სიტის“ 26 დეკემბერს, „ევერტონთან“ საშინაო მატჩი ელოდება.

0.119023