გერმანიის II ბუნდესლიგის მე-17 ტურში „კარლსრუემ“ სტუმრად უშუალო კონკურენტი „პადერბორნი“ 2:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის გმირი კი, ბუდუ ზივზივაძე იყო, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
მე-16 წუთზე ანგარიში ახლო მანძილიდან სებასტიან იუნგმა გახსნა, რომელსაც გადაცემა ბუდუმ გაუკეთა. 20 წუთში ქართველმა ფორვარდმა თვითონაც შეაგდო, როცა მეკარის შეცდომით ისარგებლა, ის კარგად დააპრესინგა და შემდეგ ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია.
„პადერბორნმა“ პირველივე ტაიმში პენალტით შეამცირა სხვაობა და მეორე ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდა, ახლოსაც იყო გათანაბრებასთან, მაგრამ „კარლსრუეს“ მეკარე შესანიშნავად თამაშობდა და საბოლოოდ, კრისტიან აიხნერის გუნდმა გაიმარჯვა. ბუდუ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე შეცვალეს.
„კარლსრუე“ ამ გამარჯვებით გალიდერდა 29 ქულით, მომდევნო ტურში კი, 19 იანვარს, სტუმრად „ნიურნბერგს“ შეხვდება, მანამდე გერმანიაში ზამთრის პაუზაა. უნდა აღინიშნოს, რომ II ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში სიმჭიდროვეა, რადგან „კარლსრუე“ მეცხრე ადგილზე მყოფ „კაიზერსლაუტერნს“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს, თანაც მე-17 ტურში ჯერ ყველას არ უთამაშია და ზამთრის ჩემპიონობის შანსი „კიოლნს“ აქვს, რომელიც ამ ტურში „კაიზერს“ თუ მოუგებს, გალიდერდება, თუ არადა, "კარლსრუე" იქნება ზამთრის ჩემპიონი.
სამაგიეროდ, ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას პირველი წრის შემდეგ ბუდუ ზივზივაძე ლიდერობს, რომელმაც 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. სხვათა შორის, ბუდუმ უკვე გაიტანა იმდენი გოლი, რამდენიც გასულ სეზონში, სამაგიეროდ, ახლა ჯერ მხოლოდ სეზონის ნახევარი მიილია. გარდა ამისა, ზივზივაძეს გერმანიის თასზე სამ მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში. შესაბამისად, „კარლსრუეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე შესანიშნავი შედეგი აქვს - 20 მატჩი, 14 გოლი და 7 საგოლე პასი.