ფეხბურთი

17:41 | 21.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია "ნაპოლის" შარშანდელ პრობლემებზე: "ფეხბურთელები წუწუნებდნენ, ყველას წასვლა უნდოდა"
"დე ლაურენტისი იდიოტია, კინო ესმის, მაგრამ ფეხბურთის არაფერი გაეგება"

„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც გასულ სეზონში ნეაპოლურ გუნდში იყო, რომელსაც 6 თვე ხელმძღვანელობდა.

მან გააკრიტიკა აურელიო დე ლაურენტისი, ვალტერ მაძარი, რომელმაც ის შეცვალა. ასევე ახსენა ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, რომლებიც ყოველთვის უკმაყოფილო ტოვებდნენ მოედანს, როცა მათ გარსია ცვლიდა.

„ვალტერ მაძარი უკლასო ადამიანია, არასოდეს უთქვამს მადლობა იმ ქულებისთვის, რაც დავუტოვე, იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელად მხოლოდ ერთი მატჩის მოგება სჭირდებოდა.

ახლაც არიან ისეთები, რომლებიც მწერენ და მახსენებენ, რომ დრო ჯენტლმენია. ვიცოდი, რომ რისკზე მივდიოდი „ნაპოლიში“ მუშაობის დაწყებით, რადგან სკუდეტო ახალი მოგებული ჰქონდა. ჩვეულებრივ, არ მივდივარ კლუბებში, რომელთა გაუმჯობესება არ შემიძლია, მაგრამ ეს იყო „ნაპოლი“ და სერია A. სეზონის წინ მინდოდა მცველის და ძლიერი ნახევარმცველის დამატება, სამაგიეროდ, მათ მხოლოდ პერსპექტიული ფეხბურთელები დაიმატეს და შემთხვევითი არაა, რომ ახლა ისინი იჯარით სხვა გუნდებში თამაშობენ. ასევე, მსურდა ჟიელინსკის და ოსიმენის კონტრაქტების მალე განახლება, რათა მხოლოდ თამაშზე ეფიქრათ. წელს კი, მათ ისეთი მცველი იყიდეს, როგორიც ბონჯორნოა და ისეთი ნახევარმცველი, როგორიც მაკტომინეია.

ჩემთან ერთად გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდოდა და არ გავიდოდა მე-10 ადგილზე, როგორც სეზონი დაასრულეს. დე ლაურენტისის განცხადებები ჩემს შესახებ? მან ნამდვილი დრამის თეატრი დადგა, შესაძლოა, ეს იმიტომ თქვა, რომ მიხვდა, რა იდიოტიც იყო და გარკვეული სტრატეგიული შეცდომების გადაფარვა სურდა. თავიდან მეგონა, რომ საქმე ჯენტლმენთან მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისეთ საქმეებში ერეოდა, რაც მისი კომპეტენცია არ იყო. ისე მეუბნებოდა, რომ 45 წუთი ეთამაშა კონკრეტულ ფეხბურთელებს და მეორე ტაიმში სხვა ფეხბურთელებს, ვერავინ მეტყვის ვინ უნდა ვათამაშო. დე ლაურენტისს კარგად ესმის კინოს სფერო, მაგრამ ფეხბურთის ბევრი არაფერი იცის. როცა გუნდში მივედი, ყველას სურდა გუნდის დატოვება და წუწუნებდნენ, რომ დაბალი ხელფასი ჰქონდათ. ამიტომ, ვმუშაობდი გუნდის ხელახლა მოტივირებაზე. გუნდიდან სპორტული დირექტორი ჯუნტოლი წავიდა და არავინ ჩარეულა საქმეში, როცა მაგალითად, ოსიმენი ან კვარაცხელია შეცვლებზე უკმაყოფილებას გამოხატავდნენ”, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიამ „ნაპოლი“ 2023 წლის ზაფხულში ჩაიბარა, მაგრამ იმავე წლის მიწურულს გაათავისუფლეს. ნეაპოლურმა გუნდმა გასული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა.

0.11473