crocobet დიდი 10-ის მე-12 ტურში, ‘ბათუმმა’ ქუთაისის ‘არესი’ 22:3 დაამარცხა და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერა.
2025 წლის ბოლო შეხვედრა გუნდებმა ქუთაისში, “აია არენას” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართეს. თამაში ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა, რამაც მატჩის მსვლელობას თავისი ხელი დაატყო. გუნდებს განსაკუთრებით დერეფანში და ფეხით თამაშისას გაუჭირდათ, ხშირი იყო არაზუსტი პასებიც.
პირველი ტაიმის შუაში ანგარიშის გახსნა მასპინძლებს შეეძლოთ. მათ ფაზები აკინძეს და ძალისმიერ სტილში შეუტიეს, თუმცა სტუმრებმა შეძლეს თავის დაცვა. 23-ე წუთზე ‘არესი’ მაინც დაწინაურდა, გიორგი თევდორაძემ ჯარიმა გაიტანა, რაზეც ‘ბათუმმა’ 34-ე წუთზე რომან მახათაძის ჯარიმით უპასუხა.
ზედ შესვენების წინ ზღვისპირელებმა მეტოქის 5-მეტრიანში დიდი დრო გაატარეს, სინბინით ჯერ ‘არესის’ ბურჯი შაქრო ლომსიანიძე, მერე კი ფრთა ჯოსევანი ნდრავა დაისაჯა, თუმცა კაცნაკლულმა მასპინძლებმა თავი დაიცვეს.
‘ბათუმმა’ ორკაციანი უპირატესობის გამოყენება თამაშის განახლებიდან წუთნახევარში მოახერხა, ვაჟა მიქაძემ შეუტია, რომან მახათაძეს ოფლოუდი გაუხერხა და მანაც ლელო ალამთან გაიტანა. 51-ე წუთზე იონა ფირცხალავამ რაქიდან მოულოდნელად, დაუცველ ნულოვან ზონაში შეუტია, ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, რასაც ვაჟა მიქაძემ გარდასახვა დაამატა.
‘არესი’ გააქტიურდა და ძალისმიერი შეტევის შემდეგ ირაკლი თევზაძე ლელოშიც შევიდა, მაგრამ დამიწებამდე ბურთი წინ დაუვარდა. შეხვედრის მიწურულს ისევ სტუმრებმა იმარჯვეს, მეტოქის 5-მეტრიანში ჯარიმა გაათამაშეს და მანუელი რატუნიარავამ ბონუს-ლელო გაიტანა, ხოლო ბუბა ნოზაძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 22:3 ‘ბათუმის’ სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გაგა არაბული გახდა.
მიჯრით მეექვსე მოგების შემდეგ ‘ბათუმს’ 37 ქულა მოუგროვდა, წელი მესამე ადგილზე დაასრულა და ლიდერებს მიუახლოვდა. ‘არესი’ 43 ქულით პირველ ადგილზე რჩება, თუმცა მის თანაქალაქელ ‘აიას’ (40 ქულა) მე-12 ტურის თამაში ჯერ არ ჩაუტარებია და კიდევ ერთი გადადებული შეხვედრა რეზერვში აქვს.
RUGBY.GE