გიორგი მიქაუტაძე თავის საყვარელ კლუბს „ლიონს“ ზაფხულში დაუბრუნდა, მაგრამ შეიძლება კლუბი ზამთარში დატოვოს.
ამ სცენარს ქართველი ფეხბურთელი ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ ვინაიდან „ლიონს“ ფინანსური პრობლემები აქვს, შეთავაზებებს მოისმენს და ვალებმა კლუბი შეიძლება აიძულოს, რომ გიორგი გაყიდოს.
როგორც ჟურნალისტი ეკრემ კონური სოციალურ ქსელში წერს, მიქაუტაძის მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენს: „გალათასარაი“, „ვესტ ჰემი“, „ბოლონია“, „რომა“ და „იუვენტუსი“.
ფრანგული კლუბი მზადაა ქართველი ფორვარდის თაობაზე 25-30 მილიონი ევროს შეთავაზებები მოისმინოს. გიორგი რაიან შერკისა და მალიკ ფოფანასთან ერთად იმ ფეხბურთელებშია, რომლებისგანაც იანვარში „ლიონს“ ყველაზე მეტი თანხის გამომუშავება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. „ლიონს“ დაახლოებით 500 მილიონი ევროს ვალი აქვს, რომელსაც თუ ვერ დაფარავს, ლიგა 2-ში დააქვეითებენ.