ფეხბურთი

22:40 | 18.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია და საბა გოგლიჩიძე გაძვირდნენ

ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა იტალიის სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა.

შედეგად, ხვიჩა კვარაცხელიას და საბა გოგლიჩიძის ღირებულება გაიზარდა, კვარა თუ აქამდე 80 მილიონად იყო შეფასებული, ახლა 5 მილიონით გაძვირდა და 85 მილიონი ევრო ღირს. ხვიჩა „ნაპოლის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ისევე, როგორც საქართველოს.

სერია A-ში კვარაცხელია მეორეა ფასით, მხოლოდ ლაუტარო მარტინესს ჩამორჩება, რომელიც 100 მილიონადაა შეფასებული. მარცხენა გარემარბებშიც ქართველი მეორე ადგილზეა ვინისიუს ჟუნიორის შემდეგ, რომლის ფასი 200 მილიონია, 2001 წელს დაბადებულებში მესამეა ბუკაიო საკას (150 მილიონი) და როდრიგოს (110 მილიონი) შემდეგ, ხოლო მსოფლიოში 21-ე საფეხურს იკავებს.

ხვიჩა კვარაცხელია 85 მილიონ ევროდ 2023 წლის დასაწყისში ფასობდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი, 80 მილიონად.

„ემპოლის“ მცველის, საბა გოგლიჩიძის ღირებულება უკვე 8 მილიონია, რომელიც აქამდე 5 მილიონად იყო შეფასებული.

გოგლიჩიძე „ემპოლიში“ ყველაზე ძვირადაა შეფასებული, ცენტრალურ მცველებში მსოფლიოში 233-ე ადგილზეა, 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში 58-ე, მთლიანად მსოფლიოში 1 276-ე, ხოლო საქართველოში მეოთხე ხვიჩა კვარაცხელიას (85 მილიონი), გიორგი მამარდაშვილისა (45 მილიონი) და გიორგი მიქაუტაძის (18 მილიონი) შემდეგ, ასევე 8 მილიონი ღირს ზურიკო დავითაშვილი.

0.11573