„მილანმა“ სერია A-ს მე-16 ტურში საკუთარ მოედანზე „ჯენოა“ ვერ დაამარცხა და ნულოვან ფრეს დასჯერდა.
მატჩის წინ „სან სიროზე“ დიდი ზეიმი იყო, კლუბის ლეგენდები დაპატიჟეს „როსონერის“ 125 წლის იუბილეზე, „მილანის“ დიდების დარბაზში მარკო ვან ბასტენი, ფილიპო ინძაგი და ფრანკო ბარეზი შეიყვანეს. მოკლედ, თამაშამდე ზეიმი იყო, მაგრამ თამაშზე იგივე არ ითქმის, რადგან ლომბარდიელებმა მორიგი ქულები დაკარგეს.
მატჩის შემდეგ თამაშის ხარისხით მაინც კმაყოფილი იყო „მილანის“ მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა:
„კარგი თამაში ჩავატარეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, გუნდურად ვითამაშეთ. სამწუხაროდ, გოლი დაგვაკლდა და საჯარიმოში უკეთ მოქმედება. აგრესიულები ვიყავით, ბურთს მეტოქის ნახევარზე ვიბრუნებდით და 22-ჯერ დავარტყით. ნორმალურია, რომ ამ სიტუაციაში ფანების კრიტიკა და სტვენა გვესმის, ისინი ყოველთვის გუნდთან არიან და დღეს ყველაფერი გააკეთეს. შედეგით გულშემატკივრების მსგავსად არც ჩვენ ვართ კმაყოფილი“, - თქვა ფონსეკამ.
„მილანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რაფაელ ლეაუმ ასევე გააკეთა კომენტარი „ჯენოასთან“ უგოლო ფრის შემდეგ.
„ფრე ვითამაშეთ, მაგრამ ეს სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს. ცოტა დაგვაკლდა მოგებამდე, ბურთი ხარიხასაც მოვარტყით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია“, - თქვა ლეაუმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ 23 ქულით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მერვე ადგილზეა.