‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის მიმდინარე სეზონის მეორე ტურში უელსურ ‘სქარლეთს’ ჰლანეჰლიში ეწვია და მძიმე მატჩი 18:36 დათმო.
ქართული ფრენჩაიზი ჩელენჯ თასზე მეორე წელია თამაშობს და მეორედ შეხვდა ‘სქარლეთს’. პირველი თამაში ზუსტად ერთი წლის წინ, ასევე Parc y Scarlets-ზე გაიმართა და ‘შავმა ლომმა’ ტურნირზე პირველი, ისტორიული გამარჯვება (23:7) მოიპოვა. ამის გათვალისწინებით, ამჯერად მეტოქე განსაკუთრებული მობილიზებით დაგვიხვდა და რევანში აიღო, თუმცა რომ არა უიღბლობა, უდისციპლინობა და შეცდომები, შედეგი წელსაც სხვაგვარი იქნებოდა.
თამაშის დებიუტშივე დაშავდნენ და შესაცვლელი შეიქმნენ 9 ნომერი თენგიზ პერანიძე და ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი (მოედანს ტვინის შერყევის ტესტის შემდეგ დაუბრუნდა); ტაიმის შუაში დაშავდა და მოედანი დატოვა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ, ხოლო მეორე ტაიმში სახეში ძლიერი დარტყმა მიიღო მგეზავმა ლუკა მატკავამ.
მატკავამ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დავრჩით, თამაშის განახლებისთანავე კი, უწყინარ სიტუაციაში წითელი ბარათით დაისაჯა მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე და ჯამში 50 წუთი მოედაზე 14 კაცით გავატარეთ.
მიუხედავად ამისა, ‘შავი ლომი’ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ბურთსაც მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდა (56/44), მაგრამ დავთმეთ რამდენიმე ჩვენი დერეფანი და მისი გამოყენება ვერ მოხერხდა. მასპინძლები დომინირებდნენ კონტაქტის არეში და 124 შეტევით ბურთი 517 მეტრი წაიღეს (‘შავმა ლომმა’ 109 შეტევით 176 მეტრი), ითამაშეს უხეშობის ზღვარზე, რამდენჯერმე პროვოკაციაზე “წამოგვიკიდეს” და როგორც ზევით ვახსენეთ, მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაჩანიძეს წითელი ბარათიც “აკიდეს”.
პირველი ტაიმი
თამაში მძიმედ დავიწყეთ. ერთი მეორეს მიყოლებით დაშავდნენ ჩხარტიშვილი და პერანიძე, რის შემდეგაც ხაზი გაიჭრა და გარეთ დევისმა ლელოთი ანგარიში გახსნა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ ინიციატივას ქართველი მორაგბეები დაეუფლნენ, ორჯერ გამოიმუშავეს კარში დასარტყმელი ჯარიმა და მატკავამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მე-15 წუთზე კი თავით თავში კონტაქტისთვის სინბინით დაისაჯა და 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დავრჩით.
‘სქარლეთსმა’ რიცხობრივი უპირატესობით იქვე ისარგებლა, მოლით შემოგვიტია და ჯოშ მაკლეოდმა ლელო გაიტანა. პასუხად ლუკა ცირეკიძემ ცენტრში გაჭრა ხაზი, მაგრამ გაგრძელება ვერ იპოვა. 27-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გაჭრეს ხაზი და სტუმრებმა თითქოს გარდაუვალი ლელოსგან თავი თავგანწირული თამაშით დაიცვეს, მაგრამ ჯარიმის ხარჯზე, რასაც დერეფანი მოყვა, ბურთი ხაზზე გაიშალა და ჯონ უილიამსმა თავისი გუნდის მესამე ლელო გაიტანა. სემ კოსტელომ გარდასახა.
მალე ცუცქირიძე დაშავდა და რიჩარდ ქოქრილს კიდევ ერთი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია. მიუხედავად ამისა ‘შავმა ლომმა’ ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, დერეფნიდან მოლით და ფორვარდების მიძალებით შეუტია, 33-ე წუთზე ლუკა ივანიშვილმა ლელოდან 6 მეტრში ჯარიმა გაათამაშა, თავად შეუტია და უელსელებს პირველი საპასუხო ლელო გაუტანა - 19:11.
მეორე ტაიმი
ასეთი დასასრულის შემდეგ მეორე ტაიმს იმედიანად შევხვდით, მაგრამ 1 წუთიც არ იყო გასული, როდესაც მსაჯმა ლადო ჩაჩანიძე რაქის გაწმენდისას დააჯარიმა და წითელი ბარათით დასაჯა. ‘სქარლეთსმა’ იქვე დერეფნიდან მოლით შემოგვიტია და მაკლეოდმა თავისი მეორე ლელო გაიტანა.
ამან აგვრია და თამაშის დასალაგებლად გარკვეული დრო დაგვჭირდა. ზედიზედ დავთმეთ ჩვენი ორი დერეფანი, 57-ე წუთზე კი, ბურთის კარგად მოგების შემდეგ მატკავამ შეუტია და ახლა მასზე დაჯარიმდნენ მასპინძლები. ლუკამ დარტყმა სახეში მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა, ხოლო მეტოქე სინბინით დაისაჯა.
‘შავმა ლომმა’ ფორვარდებით შეუტია და სამჯერ გადალახა ლელოს ხაზი, მაგრამ ბაჩუკი ჭუმბაძეს და სანდრო მამამთავრიშვილს ბურთი ჩაუხურეს, მიხეილ ბაბუნაშვილმა კი ყველაფერი სუფთად შეასრულა და მისი ლელო ცირეკიძემ გარდასახა, რითაც სხვაობა კვლავ 8 ქულამდე დაიყვანა.
‘სქარლეთსმა’ აღარ გარისკა და მას შემდეგ რაც ივანიშვილმა საოცარი ბოჭვით 100%-იანი ლელოსგან გვიხსნა, ჯარიმით უპირატესობა გაზარდა. სტუმრებს მინიმუმ ნუგეშ-ქულაზე თამაშის შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა დერეფანში თამაში ისევ ვერ დავალაგეთ, 78-ე წუთზე კიდევ ერთი გარდასახული ლელო მივიღეთ და ‘სქარლეთსმა’ შარშანდელი მარცხისთვის რევანში აიღო - 36:18.
ახლა ‘შავი ლომი’ საახალწლო შესვენებაზე გავა და ჩელენჯ თასს 2025 წლის იანვარში დაუბრუნდება. 11 იანვარს ის “მიხეილ მესხზე” ფრანგულ ‘ბაიონას’ დაუხვდება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 19 იანვარს ედინბურგში, შოტლანდიურ ‘ედინბურგთან’ მატჩით დაასრულებს.
2024/25 წლების ჩელენჯ თასი
III ჯგუფი. პირველი რაუნდი
15 დეკემბერი. კვირა.
ჰლანეჰლი. Parc y Scarlets
სქარლეთსი (უელსი) - შავი ლომი (საქართველო) 36:18 (19:11)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.
2 ლელო: ივანიშვილი, ბაბუნაშვილი
1 გარდასახვა: ცირეკიძე
2 ჯარიმა: მატკავა
1 სინბინი: მატკავა
1 გაძევება: ჩაჩანიძე
RUGBY.GE