ბოსნიური „სარაევოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი სერბული „ცრვენა ზვეზდას“ და უნგრული „ფერენცვაროშის“ ინტერესის სფეროშია.
როგორც ბოსნიური გამოცემა Sportske იტყობინება, ქართველი ფორვარდის ტრანსფერზე „სარაევოსა“ და „ფერენცვაროშის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
წყაროს თანახმად, ბოსნიური კლუბი გულიაშვილის გაყიდვას დათანხმდება 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ, შემდგომი ტრანსფერიდან გარკვეული პროცენტით. „ფერენცვაროში“ ოფიციალური შეთავაზების გასაკეთებლად ემზადება.
გარდა ამისა, არსებობს ინტერესი „ცრვენა ზვეზდადან“. ბოსნიური პრესის ცნობით, „სარაევოს“ პრეზიდენტი ისმირ მირვიჩი ბელგრადში იყო, სადაც კლუბის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
ზემოხსენებული გამოცემის ინფორმაციით, „სარაევო“ თუ ფეხბურთელის შენარჩუნებას გადაწყვეტს, შეიძლება მისი ფასი გაიზარდოს, თუ გიორგი გაზაფხულზე გააგრძელებს შედეგიან თამაშს და საქართველოს ნაკრებშიც ფეხს მოიკიდებს, მაგრამ ეს გარკვეული რისკია, რომელმაც შეიძლება არ იმუშაოს, ამიტომაც, უფრო მოსალოდნელია, რომ იანვარში მის გაყიდვას დათანხმდებიან თუ 3 მილიონს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ორივე ხსენებულ გუნდში ახლო წარსულში თამაშობდნენ ქართველები - „ცრვენა ზვეზდაში“ ირაკლი აზაროვი და „ფერენცვაროშში“ ლაშა დვალი.
23 წლის გიორგი გულიაშვილს ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, ერთი გოლი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა.