ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ლევანტე“ შინ „კორდობას“ დაუზავდა (2:2) და მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა.
მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ 85-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილი შეცვალა, როდესაც ანგარიში 2:1 იყო ვალენსიელთა სასარგებლოდ. გიორგის შეცვლის მიზეზზე კალერომ აღნიშნა:
„ქოჩორაშვილის ცვლილება იმით იყო გამოწვეული, რომ გვინდოდა ნახევარდაცვის ცენტრში ენერგია შეგვენარჩუნებინა, ვცადეთ ნახევარდაცვაში ძალის გაძლიერება, რათა მეტოქისთვის ნაკლები მომენტის შექმნის შესაძლებლობა მიგვეცა. ანგარიში რომ არ გათანაბრებულიყო, შესანიშნავი ცვლილებები იქნებოდა. ვაღიარებ, რომ ამან არ გაამართლა და როცა ეს ხდება, ლოგიკურია, რომ ცვლილებების შეფასება კარგი არ არის“, - თქვა კალერომ.
შეგახსენებთ, რომ „კორდობასთან“ გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა. მას ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა.