ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის სათავეში მე-10 ტურის შემდეგ ლიდერობას ‘აია’ ინარჩუნებს. რიონისპირელებმა 43 ქულას მოუყარეს თავი და მდევარ ‘ლელოს’ კვლავინდებურად 2 ქულით უსწრებენ. მესამე ადგილზე მყოფი ‘ხვამლი’ ჩემპიონს 5 ქულით ჩამორჩება. ‘არმიამ’ მე-5 გამარჯვებითა და 23 ქულით მოწინავე კვარტეტში პოზიცია გაიმყარა. ზამთრის არდადეგების წინ, მორიგ ტურში განსაკუთრებულ ყურადღებას ‘არმია’-‘აიას’ დაპირისპირება იპყრობს.
რუსთავის ‘ხარები’ 18 ქულით ცხრილის მეორე ნახევარში, მე-5 პოზიციაზე დარჩა და პლეი ოფის ზონაში მყოფ თანარეგიონელ ბოლნისის ‘ყოჩებს’ კვლავ 3 ქულით უსწრებს. ‘ლოკომოტივი’ 11 ქულით ბოლოსწინა, მე-7 ადგილზე რჩება და აუტსაიდერ ‘ბათუმს’ 4 ქულით აღემატება.
ჩემპიონატის ლიდერმა ‘აიამ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ მშობლიურ „აია არენაზე“ უმასპინძლა. ‘აია’ უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა და ქვემო ქართლელებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა. აღსანიშნავია, რომ ‘ყოჩების’ დაცვაში აგრესიულმა თამაშმა ფავოროტი მთლიანობაში მხოლოდ 4 გატანილ ლელოს დააჯერა. თავი შუამარბმა გურამ ნუცუბიძემ, ფრთა საბა შარვაშიძემ, მარბიელმა კაპიტანმა ლუკა გაბუნიამ და მარქაფადან ჩართულმა მგეზავმა გოგა უშვერიძემ გამოიჩინეს. ქვემო ქართლელებმა „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი მეორე ტაიმში მგეზავ ზურა დემეტრაძის მიერ გატანილი ეული ჯარიმით დააღწიეს - 24:3.
ჩემპიონი ‘ლელო’ რუსთავის ‘ხარებს’ მესამე მასივში დაუხვდა. წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ‘ლელოს’ დამრიგებელმა ზურა ხორბალაძემ ძირითად შემადგენლობაში რიგი ცვლილებები განახორციელა, რამაც დიდ დიღმელთათვის სასურველი შედეგი გამოიღო. ძლიერი ყინვისა და ქარის მიუხედავად, ‘ლელო’ ლაღად, სწრაფად მოქმედებდა და ლელოებიც მრავალფეროვანი კომბინაციებით გაჰქონდა.
‘ლელო’ პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ქვემო ქართლელებს მთლიანობაში 10 ლელო დაუდო. ჩემპიონი, შუამარბ დათა ახვლედიანის გატანილი ლელოთი დაწინაურდა. ახვლედიანმა და მარქაფადან ჩართულმა მარბიელმა სოსო ღვინჯილიამ „დუბლი“ გაიფორმეს. ‘ლელოს’ დამაჯერებელი გამარჯვება ღვინჯილიას გატანილი მეორე ლელოთი დაფიქსირდა. ‘ხარებმა’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი ბურჯ ბექა მულაძის მეორე ტაიმში გატანილი ლელოთი დააღწია - 66:7.
აჭარის დედაქალაქმა ‘ბათუმი’-’არმიას’ შეხვედრას უმასპინძლა. გასული სეზონის მიწურულს ბრინჯაოს მედლის მფლობელი სწორედ ხსენებულ მეტოქეთა დაპირისპირებაში გაირკვა, სადაც წარმატებას ბათუმელებმა მიაღწიეს. მიმდინარე სეზონში კი ბექა ნაგერვაძის შეგირდებს აშკარად არ ულხინთ, რაც განვლილმა შეხვედრამაც ცხადყო. კოკისპირული წვიმის მიუხედავად, გუნდებმა დიდი ბრძოლა გააჩაღეს და მატჩიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
‘არმია’ დებიუტში ბურჯ ლაშა ბასილაძის გატანილი ლელოთი დაწინაურდა და შეხვედრის მიწურულამდე უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია. მეტოქეებმა მთლიანობაში 3-3 ლელო გაიტანეს, თუმცა მასპინძლებს სამივე გარდასახვა გაუცუდდათ, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. ბათუმელთა რიგებში გამორჩეული მოთამაშის, კვაჭ ნიკა ბერიძის შესრულებული „ჰეთ-თრიკით“, შეხვედრის მიწურულს მასპინძლებმა ანგარიშში ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს, რასაც „არმიელთა“ მხტომელ შოთა შენგელიას დადებული ლელო მოჰყვა. ‘არმიას’ მგეზავ ლაშა გოგოლაძის (მანამდე აქტივში 2 გარდასახვა და 1 გატანილი ჯარიმა მიითვალა) გაცუდებულმა გარდასახვამ აჭარლებს ნუგეშ-ქულა არგუნა. ‘არმიამ’ მატჩი 22:15 მოიგო.
ტურის დასკვნითი შეხვედრა ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე გაიმართა, სადაც დედაქალაქურ დერბიში ერთმანეთს ‘ლოკომოტივი’ და ‘ხვამლი’ დაუპირისპირდნენ. ფავორიტი მუხიანელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და „რკინიგზელები“ მგეზავ ლუკა დემურაშვილის გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერეს.
‘ხვამლმა’ საკუთრივ მეტოქეს 7 უპასუხო ლელო დაუდო, რომელთაგან 6 გარდასახვა ჰავბეკმა დაჩი წიკლაურმა ზუსტად შეასრულა. მატჩის პირველი ლელოს ავტორმა, ფულბეკმა გიგა ყიფშიძემ და მხტომელმა ნიკოლოზ შარაშენიძემ კი „დუბლი“ გაიფორმეს. მუხიანელთა დამაჯერებელი გამარჯვება ბურჯ ომარ ძამაშვილის დადებულმა ლელომ დააფიქსირა - 47:3.
RUGBY.GE