ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘ხვამლს’ სტუმრად 27:8 სძლია, მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღო და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.
‘არესს’ 43 ქულა მოუგროვდა და ჩემპიონ ‘აიას’ 3-ით გაასწრო, რომელმაც მე-11 ტურის მატჩი სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოსთან’ უამინდობის გამო ვერ გამართა. როდის გაიმართება გადადებული შეხვედრა მოგვიანებით გაირკვევა, მანამდე კი სატურნირო ცხრილის თავში ერთი ქუთაისური გუნდი მეორემ ჩაანაცვლა. ‘ხვამლს’ 26 ქულა დარჩა და მეოთხე პოზიციაზეა.
უამინდობის გამო თამაში “ხვამლი არენას” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. ქარმა და ყინვამ მატჩის მსვლელობას საკუთარი ხელი დაატყო და სანახაობრივი მხარე დააკნინა, თუმცა ამან სტუმრებს გამარჯვების მოპოვებაში ხელი ვერ შეუშალა.
‘ხვამლი’ მატჩის დებიუტში ზურა ქობელაშვილის მიერ 23 მეტრიდან გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, რაზეც ‘არესმა’ მე-7 წუთზე უპასუხა. ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ, ბურთი მარჯვენა ფრთაზე ჩათამაშდა და გივი ლეჟავამ ლელო ალამთან გაიტანა. მე-18 წუთზე პიტა იავი მაიმ 10-მეტრიან წყვეტილთან ოფლოუდი შეირგო, მბოჭავს გასცდა და ლელომდე 40 მეტრი ირბინა. თამაში რომ განახლდა სტუმრებმა თავისი 22-იდან წამოიწყეს შეტევა, ორჯერ ფეხით ითამაშეს, მცველების შეცდომებით ისარგებლეს და მრავალფაზიანი იერიში ირაკლი თევზაძის ლელოთი დაასრულეს.
გიორგი თევდორაძემ ორი გარდასახვა გამოიყენა, 35-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა საკუთარ გუნდს ტაიმი 22:3 მოაგებინა.
პირველი ტაიმის დასკვნით 10 წუთში მსაჯს, გელა ლემონჯავას ორჯერ მოუწია ყვითელი ბარათის გამოყენება - სინბინით ლუკა გელაშვილი (ხვამლი) და მურთაზ ცხადაძე (არესი) დაისაჯნენ. მეორე ტაიმის შუაში მოედანზე სიტუაცია დაიძაბა და ლემონჯავამ სინბინით პიტა იავი მაი (არესი) და ჰამლეტ გოგია დასაჯა (ხვამლი).
ამ პერიოდში ინიციატივას ‘ხვამლი’ დაეუფლა და 62-ე წუთზე, საბა კურტანიძეს შეტევის შემდეგ ერთი ლელო ჯიელი მბალეილევუკამ გაქვითა. 70-ე წუთზე ‘არესი’ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, წითელი ბარათი ბურჯმა რუსლან გიგაშვილმა მიიღო და მასპინძლებს ჩამორჩენის კიდევ უფრო შემცირების შანსი გაუჩნდათ, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს, ბოლო წუთზე გივი ლეჟავასგან მეორე, სულ კი მეოთხე ლელო მიიღეს და ქუთაისელებს ბონუს-ქულაც გაატანეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დუბლის ავტორი გივი ლეჟავა გახდა.
RUGBY.GE