სხვა

10:04 | 14.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

სოკოვანი დაავადებები

რა არის მიკოზი?

სოკოვანი ინფექცია, ანუ მიკოზი, ეს არის იმ დაავადებების დიდი ჯგუფი, რომლებიც მიუხედავად განსხვავებული და მრავალნაირი კლინიკური მიმდინარეობისა, ერთიანდებიან ერთი ნიშნით - მათი გამომწვევია სოკო.

სოკოს 400-მდე სახეობა არსებობს, თუმცა, როგორც წესი, ნორმალურ პირობებში სოკო ჩვენი კანისა და ლორწოვანის ბუნებრივი თანმდევია და პათოგენურად მხოლოდ მისთვის ხელსაყრელ, განსაზღვრულ პირობებში გადაიქცევა.

სოკოვანი დაავადება მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. მოსახლეობის დაახლოებით 20-25% ინფიცირებულია სოკოს ამა თუ იმ სახეობით. მისი გამრავლებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 25-30°C. იგი ძალიან მდგრადია გარემო პირობების მიმართ. სოკოს სპორებს ხანგრძლივად შეუძლიათ არსებობა. ისინი იდეალურად გრძნობენ თავს ნესტიან გარემოში.

ვინ არის მიკოზის რისკ-ჯგუფში?

მიკოზით შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაავადდეს, გაზრდილ რისკ-ჯგუფს შეადგენს:

  • ადამიანები დაქვეითებული იმუნიტეტით;
  • იმუნოდეპრესანტებით ან ქიმიოთერაპიით მკურნალობა;
  • ანტიბიოტიკების ხანგრძლივად და მაღალი დოზით მიღება;
  • ჭარბი წონა;
  • ენდოკრინული პრობლემები;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

რა გზებით შეიძლება დავინფიცირდეთ?

ინფიცირება შესაძლებელია როგორც პირდაპირი გზით დაავადებულ ადამიანთან ან ცხოველთან კონტაქტით, ისე არაპირდაპირი გზით: საერთო სარგებლობის ნივთებით, დაავადებული ადამიანის ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, თეთრეულით, პირსახოცითა და ინსტრუმენტებით. სოკოვანი ინფექციის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორებია: მოჭერილი ფეხსაცმელი, სინთეზური ქსოვილის სამოსის რეგულარული ტარება, მცირე ტრავმები, ფეხშიშველი სიარული აუზებში, საშხაპე კაბინებსა და სპორტულ დარბაზებში.

ინფიცირების ნიშნები და სიმპტომები:

სხვადასხვა სახეობის სოკოთი შეიძლება დაზიანდეს ადამიანის კანი ნებისმიერი ლოკალიზაციით: სახე, ტორსი, ტერფები, მტევნები, თმა, ფრჩხილი, შინაგანი ორგანოებიც კი. ყველაზე ხშირად სოკოვანი ინფექცია მოზრდილი ადამიანების შემთხვევაში ბუნებრივ ნაოჭებში გვხვდება, ესენია: საზარდულის მიდამო, თითებს შორის სივრცე, იღლიის ფოსოები. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი უფრო ხშირად თავის თმიანი ნაწილის მიკროსპორიითა და ტრიქოფიტიით ავადდებიან, შესაბამისად დაავადების კლინიკური გამოვლინებაც განსხვავებულია. სადა კანის დაზიანების დროს, პაციენტებს ძირითადად უვითარდებათ სხვადასხვა ფერის ლაქა და ბალთა, ხშირ შემთხვევებში პაციენტებს აღენიშნებათ ქავილი.

  • თითებს შორის შეიძლება გაჩნდეს ნაპრალები, ნახეთქები, აქერცლილი კერები;
  • ფრჩხილების სოკოვანი დაავადების დროს ფრჩხილის ფირფიტა სქელდება, იცვლის ფერს, ხდება მტვრევადი, შეიძლება ფრჩხილი და კანი ასცილდეს ერთმანეთს;
  • თმის დაზიანების დროს, პაციენტები უჩივიან თმის ცვენას, ხშირად ამის შედეგად სკალპზე ჩნდება გაცვენილი უბნები, შესაძლოა შეიცვალოს თმის სტრუქტურაც.

მკურნალობა და დიაგნოსტიკა

სოკოვანი დაავადების დიაგნოსტიკა ძირითადად ემყარება ანამნეზსა და კლინიკურ სურათს, დეტალური კვლევისთვის კანი თვალიერდება დერმატოსკოპით. ზოგიერთი სოკოსთვის კლინიკური სურათი იმდენად დამახასიათებელია, რომ გამოცდილ ექიმ-დერმატოლოგს შეუძლია პირდაპირ დასვას დიაგნოზი. გარდა ამისა, დერმატოლოგიაში სოკოვანი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ ხშირად გამოიყენება გაშუქება ვუდის აპარატით. აღნიშნული ტესტი ტარდება ბნელ ოთახში, სოკოთი დაზიანებული კანის უბანი ჯანსაღისგან განსხვავებით განსხვავებულ ფერად ანათებს, რაც გვეხმარება დიაგნოზის დაზუსტებაში. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ლაბორატორიული კვლევები, ბაქტერიოსკოპია.

კანის სოკოვანი დაავადებების თვითგანკურნება შეუძლებელია, შესაძლებელია განმეორებითი დასნებოვნება, რადგან გადატანის შემდეგ არ რჩება იმუნიტეტი. შესაბამისად მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმი სპეციალისტის მიერ და კურსი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად სოკოს ტიპის, დაზიანების ხარისხის, დაავადების ხანგრძლივობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

მკურნალობისას შეიძლება დაინიშნოს როგორც სისტემური მედიკამენტები, ისე ადგილობრივი მოქმედების საშუალებები: მალამოები, ხსნარები, აეროზოლი, გელი, ლაქი და ა.შ. აუცილებელია მკურნალობა გაგრძელდეს სრულ გამოჯანმრთელებამდე.

რეკომენდაციები:

უნდა აღინიშნოს, რომ სოკოვან დაავადებათა უმრავლესობა ადვილად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე, თუმცა არსებობს ქცევის წესები, რომელთა დაცვითაც შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ სოკოვანი ინფექცია და მინიმუმამდე დავიყვანოთ მისი გავრცელება. „ავერსის კლინიკის“ დერმატოლოგი, ნინო ცინაძე გიზიარებთ რეკომენდაციებს:

  • მკაცრად დაიცავით პირადი ჰიგიენა აუზებზე, საუნასა და სილამაზის სალონებში;
  • ატარეთ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, წინდები და თეთრეული;
  • თავისუფალი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი, რომელიც არ გიჭერთ;
  • არ გაუზიაროთ სხვას პირადი მოხმარების ნივთები: პირსახოცი, სავარცხელი, ღრუბელი, საცურაო ფეხსაცმელი;
  • ყურადღება მიაქციეთ კანის სათანადო გამშრალებას ნაოჭების არეში;
  • მოაწესრიგეთ ჭარბი ოფლიანობის პრობლემა;
  • თავი აარიდეთ დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტს.

®

0.114108