„კარლსრუეს“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ „რეგენსბურგთან“ (4:2) შესრულებული დუბლის შემდეგ გერმანულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ვულოცავ გუნდს და გულშემატკივრებს. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი არ გაჩერებულან და 90 წუთის განმავლობაში მხარში გვედგნენ. ბედნიერები ვართ, რომ გავიმარჯვეთ, მიხარია, რომ გოლები მეც გავიტანე“, - აღნიშნა ბუდუმ.
ზივზივაძემ გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, პენალტიც მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა, მაგრამ მეკარემ აჯობა. ამ მომენტიდან ცოტა ხანში „კარლსრუემ“ მეორედ მიიღო პენალტის დარტყმის უფლება, ამჯერად ბურთთან ბუდუ არ მისულა, პენალტი მარსელ ვანიცეკმა შეასრულა და ზუსტადაც, ზოგადად, სწორედ ვანიცეკია გუნდში პენალტისტი. „კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ამის შესახებ გააკეთა კომენტარი:
„ის თავდამსხმელია და უკვე გაიტანა 10 თუ 11 გოლი, ეს შესანიშნავი შედეგია, მაგრამ მართებულად მიმაჩნია, რომ მეორე პენალტი ვანიცეკმა დაარტყა“, - თქვა აიხნერმა.
30 წლის ქართველი ფეხბურთელი II ბუნდესლიგაში ბომბარდირთა დავას ლიდერობს 16 მატჩში გატანილი 11 გოლით და უახლოეს მდევრებს 2 გოლით უსწრებს. ბუდუს აქტივში ასევე, 3 საგოლე პასია, ხოლო გერმანიის თასზე სამ შეხვედრაში თავი 2 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა. მოკლედ, შესანიშნავ სეზონს ატარებს.
„კარლსრუე“ 16 ტურის შემდეგ 26 ქულით მეოთხე ადგილზეა, თუმცა, სხვებს ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ. კრისტიან აიხნერის გუნდი მომდევნო ტურში 21 დეკემბერს, სტუმრად „პადერბორნს“ დაუპირისპირდება.